ახალი ამბები
სოხუმმა რუსული რუბლი „ოფიციალურ ვალუტად“ აღიარა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა რუსული რუბლის ოფიციალურ ვალუტად აღიარებას დაუჭირა მხარი.
„დეპუტატებმა“ პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი „სავალუტო რეგულირებისა და ვალუტის კონტროლის შესახებ“, რომელიც შემუშავებულია რუსული კანონის ანალოგიით.

კერძოდ, “კანონპროექტი” ოკუპირებული აფხაზეთის “ოფიციალურ ვალუტად” რუსულ რუბლს ადგენს, ხოლო ყველა დანარჩენი უცხოურ ვალუტად განიხილება. სავალუტო რეგულირების მიზნებისათვის საკანონმდებლო დონეზე შემოდის ცნება „რეზიდენტი“ და „არარეზიდენტი“.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, მანამდე აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ გააკრიტიკა ეკონომისტი ახრა არისთავა, რომელიც ეროვნული ვალუტის - აფსარის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ფულადი ერთეული "აფსარი", 2008 წელს "ჩაეშვა" "აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული სამახსოვრო საინვესტიციო მონეტების მიმოქცევაში შემოტანის კანონის შესახებ".

თავდაპირველად აფსარში მხოლოდ „აფხაზეთის რესპუბლიკის“ სამახსოვრო მონეტები იბეჭდებოდა, 2018 წლიდან გამოვიდა სამახსოვრო ბანკნოტებიც.

"კანონის" თანახმად, მონეტები და ბანკნოტები დე ფაქტო რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე „ნომინალური ღირებულებით არის ლეგალური გადახდის საშუალება, მაგრამ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც გადახდის საშუალება საცალო ვაჭრობაში".

"აფხაზეთის ბანკის" მიერ დადგენილი კურსით 1 აფსარი უდრის 10 რუსულ რუბლს, თუმცა მისი რეალური ღირებულება განისაზღვრება ინვესტორული და ნუმიზმატიკური მიზნით.
Print