ახალი ამბები
ზუგდიდელ დეტექტივს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წარუდგინეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილა. ამის შესახებ უწყება საკუთარ ვებ გვერდზე წერს.

მათივე განმარტებით, ზუგდიდში მცხოვრებ დაზარალებულ დ.თ.-ს, თავისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა.

"აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად, დაზარალებულის ყოფილი მეუღლის ინტერესების დაცვა, მისმა ოჯახის ახლობელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გადაწყვიტა, რომელმაც თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. 2024 წლის 13 თებერვალს, სამართალდამცავმა, პოლიციის უნიფორმით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზარალებულს სახლში მიაკითხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თუ ის ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად უვადო მინდობილობას არ გასცემდა, იარაღისა ან/და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა", - მითითებულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პოლიციის დეტექტივი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან და მას ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის უკვე წარედგინა.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print