ახალი ამბები
გია ხარჩილავა წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომლის დაკავებას სუს-ის სადამსჯელო ოპერაციას უწოდებს
„ქართული ოცნება კაგებეშნიკური მეთოდებით განაგრძობს ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტის გაშავებას და საზოგადოებაში მცდარი აზრის დამკვიდრებას“, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გაწირა წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომელი, მხოლოდ იმისთვის, რომ ოპოზიციური მერიის დისკრედიტაცია მოეხდინა.

„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ დანაშაულს, მზად ვართ და ვალდებულებიც ვართ, ვითანამშრომლოთ საგამოძიებო ორგანოებთან და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია დანაშაულის პრევენციის ნაცვლად მოხდეს დანაშაულის პროვოცირება. ხსენებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას, მაგრამ მისი გასხვისების პროცედურა არ დაწყებულა. არ არსებობს აქტი, ინიციატივა ან ხელმოწერა, რომლის თანახმადაც იგეგმებოდა მიწის გასხვისება. აღსანიშნაცია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ რიგით თანამშრომელს არ შეუძლია მუნიციპალური უძრავი ქონების გასხვისება. ამისათვის საჭიროა საკრებულოს თანხმობა და შემდგომ უკვე ელექტრონული აუქციონის გამართვა. ამ პროცესში კი მერიის ჩართულობა სრულიად გამორიცხულია. ჩვენ გვაქვს ფაქტი ქრთამის აღების, მაგრამ საქმეში არ ფიგურირებს ქრთამის მიმცემი, რომელიც ისეთივე დამნაშავეა კანონის წინაშე, როგორც ქრთამის ამღები. ჩვენ ველოდებოდით სასამართლოს გადაწყვეტილებას, შევაჯერეთ ფაქტები და გამოიკვეთა, რომ ამ ადამიანებთან მუშაობდა სპეცაგენტი. ვგმობთ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ქრთამის გამოვლინების სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ვიმეორებ პრევენცირების ნაცვლად პროვოცირება იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მზადდებოდა წალენჯიხის მერიის გაშავებისთვის “,- აღნიშნა ხარჩილავამ.

საუბრის დასასრულს მან აღნიშნა რომ, მიუხედავად „კაგებეშნიკური“ მეთოდებისა, წალენჯიხის მერია და წალენჯიხის გზა აუცილებლად „გაიმარჯვებს“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომელი 26 თებერვალს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღება) ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ქრთამის აღებისთვის დაკავებულ წალენჯიხის მერიის თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ - პროკურატურა

ეს გახლავთ ამ წლებში ერთეული, ერთადერთი ფაქტი - წალენჯიხის მერი ქრთამის აღებისთვის დაკავებულებზე

წალენჯიხაში მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ქრთამის აღებისთვის დააკავეს
Print