ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა გონივრულია, ომი არავის სჭირდება, - არძინბა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობას „ომი არ სჭირდება“. ამის შესახებ მან „მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე“ გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიება, სოჭის მახლობლად, რუსეთის ფედერალურ ტერიტორიაზე, საგანმანათლებლო ცენტრ „სირიუსში“ 1 - 7 მარტს იმართება.
არძინბას თქმით, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, „საქართველო ამერიკელების მხარდაჭერით“ უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.

„ჩვენ, აფხაზები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აწერენ ხელს შეთანხმებას? ნუთუ საქართველოს ნამდვილად სურს ბრძოლა? ან ამერიკელებს უნდათ მეორე ფრონტის გაჩაღება? გვესმის, რომ მსგავსი ინფორმცია ცირკულირებდა, ასეა თუ ისე, რომ თითქოს ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონივრულია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს. იმიტომ, რომ დღესდღეობით, სახელშეკრულებო - სამართლებრივი ბაზის მიხედვით, აგრესია აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, არის აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს“, - განაცხადა მან.

არძინბამ ისევ ახსენა სოხუმსა და მინსკს შორის კონტაქტები და ბელარუსთან „დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარების იმედი გამოთქვა.

მანამდე, თებერვალში, თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობებზე საუბრისას, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ მიდგომას იჩენს“. მისი თქმით, მათ სურთ „კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეთ საქართველოსთან“.



Print