ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"კონსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა, როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა მიხელ სარჯველაძე", – თქვა ირაკლი კობახიძემ.

სარჯველაძე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. ასევე, ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც.

ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა. ის 2021 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა ჯანდაცვის მინისტრად.
Print