ახალი ამბები
დასაშვები იქნება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ნაწილის ონლაინ გავლა - მინისტრი
"შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამების შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა", - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის მიღების შემდეგ გაჩნდება ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების სფეროში, ეს არის ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და კონცეფცია.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებთან დაკავშირებით – ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს – არსებულ პროგრამებზე გარკვეული დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად.

ეს პრაქტიკულად, სრულად ახალ შესაძლებლობებს და კარს გააღებს ჩვენი უმაღლესი განათლების სექტორისთვის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი განათლების ექსპორტის კუთხით", – თქვა მინისტრმა.

ამავე ცნობით, დასაშვები ხდება და კანონით დარეგულირდება საქართველოდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება. პირველ ეტაპზე აღნიშნული შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტებს.
Print