ახალი ამბები
პოლონეთში ზუგდიდელი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
2024 წლის 6 მარტს ლოძის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდელი როზეტა ყალიჩავას განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული ქმარი დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარმა" გამოაქვეყნა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ როზეტა ყალიჩავა სიცოცხლეში იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი და ამის ძირითადი მტკიცებულება ქალსა და თამარ ლუკავას შორის შემდგარი მიმოწერა იყო. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის საგამოძიებო ორგანოების დროული მოქმედების შემთხვევაში, ეს ფატალური შედეგი არ დადგებოდა. ძირითადი სასჯელის გარდა, დამნაშავეს როზეტას არასრულწლოვანი შვილებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, თითოეულისთვის დაახლოებით 50 000 ევროს (200 000 პოლონური ზლოტი) ოდენობით", - განმარტავს ორგანიზაცია.

27 წლის როზეტა ყალიჩავა საკუთარმა ქმარმა 24 მაისს პოლონეთში, საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დასაფარად სახლს ცეცხლი წაუკიდა. მანამდე ქალმა დასახმარებლად ორგანიზაცია "საფარს" მიმართა, რის შემდეგაც ორგანიზაციამ საქმის კურსში საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა ორგანოები ჩააყენა. ქმარი დააკავეს, თუმცა, მხოლოდ 24 საათით. ოჯახი მიიჩნევს, რომ პოლონეთის სახელმწიფომ ქალის სიცოცხლე ვერ დაიცვა.



ამავე თემაზე: 

პოლონეთში მოკლული ქალი ზუგდიდში ჩამოასვენეს

ქმრის მიერ მოკლული ზუგდიდელი ქალის საქმეზე პოლონეთს ევროსასამართლოში უჩივლებენ

პოლონეთში მოკლული ზუგდიდელი ქალის შვილები დედის ოჯახში ჩამოიყვანეს
Print