ახალი ამბები
უშგული საქართველოს რთული ისტორიის ფიზიკური განსახიერებაა - The Financial Times
ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Financial Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში "დაბრუნება საქართველოში, სადაც სტუმარი ღვთისაა" ყურადღებას ამახვილებს ქართული კულტურის უმთავრეს მახასიათებლებზე.

სტატიის ავტორმა, ლეო ვარდიაშვილმა დეტალურად აღწერა მესტია, უშგული, ჰაწვალი, თეთნულდი, რომელიც მისთვის ტურისტულად საინტერესო ადგილებია.

"უშგული სვანეთში, კავკასიონის მთების გულში მდებარეობს. ეს ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებაა, სადაც მუდმივად ცხოვრობენ. უშგული საოცარი ადგილია, ეს სოფელი საქართველოს რთული ისტორიის ფიზიკური განსახიერებაა, შემოსევებისას ქართველების სტრატეგია იყო მოსახლეობის მთებში გახიზვნა, თითოეული ასეთი გახიზვნა ნოეს კიდობანთან იყო გაიგივებული. ქართული ხელნაწერები, ხელოვნების ნიმუშები, ვაზის კალმებიც კი ხშირად უშგულში იყო გადამალული და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. უშგულში თითოეული სახლი საგუშაგო კოშკი იყო, უკან კი გაუვალი კავკასიონის ქედი დგას, უშგული მართლაც ბოლო ბასტიონია. აქ ერთ ადგილობრივს, სერაფიმეს დავუმეგობრდი, რომ გაიგო მწერალი ვარ ისტორიები მომიყვა სვანური ადათ-წესებისა და ლეგენდების შესახებ. მონღოლთა შემოსევისას მთებიდან ჩამოსულ მგლებს უშგული დაუცვიათ, მიყვება სერაფიმე.

სოფელში ყოფნის ბოლო დღეს კოშკზე ხის კიბით ავედი და საუკუნოვანი ქვის კარიბჭეში შევაბიჯე, რომელიც სოფელში მიმავალ გზას გაჰყურებს. ზურგით კავკასიონისკენ ვდგები და ხეობას გავცქერი, წარმოვიდგენ როგორი იქნებოდა სოფელში მტრის მოახლოება, საოცარი შეგრძნებაა",- წერს ლეო ვარდიაშვილი.

მისივე თქმით, დაბა მესტია თავგადასავლების მოყვარული მოთხილამურეებისთვის ცხელი წერტილია და მათი დიდი ნაწილი აქ აუთვისებელი მთების შესასწავლად ჩამოდის.

20 გვერდიან სტატიაში აღწერილია ქართული ტრადიციები, ღვინო, კულინარია, თბილისის ცხოვრების სტილი და მისი ისტორიული უბნები.

Print