ახალი ამბები
ბალდაში მოქალაქეს უკანონოდ მრგვალი მორები გადაჰქონდა - გზდ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში დიდი ოდენობით მრგვალი მორის უკანონო ჭრა-ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, სოფელ ბალდის მკვიდრს სატვირთო ავტომანქანით 22 ერთეული სხვადასხვა სახეობის მრგვალი მორი გადაჰქონდა.

ამავე ინფორმაციით, მოქალაქე არ დაემორჩილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას მანქანის შეჩერების თაობაზე და მორები მანქანიდან გადმოყარა. შესაბამისად, სამართალწარმოება, უფლებამოსილი პირების მიმართ დაუმორჩილებლობის ფაქტზეც დაიწყო.

"უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მსგავსი შემთხვევის მიმართ, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება სამართალდამრღვევების მხრიდან დაუმორჩილებლობის ფაქტს ჩვენი მიდგომა იქნება მკაცრი და პრინციპული", - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება, უკანონო ხე-ტყის დატვირთვის ადგილას განთავსებული 14 ერთეული და ტრანსპორტირების შემდგომ მიტოვებული/გადმოყრილი 22 ერთეული მურყნის (თხმელა), წიფლისა და ნეკერჩხლის დაუფირნიშებელი მრგვალი მორი დაილუქა.

საქმეზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება გრძელდება. გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შემდგომ, საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.


ფოტო: გზდ

Print