ახალი ამბები
ვგეგმავთ, ივნისიდან ანაკლიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავიწყოთ - კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა ივნისიდან ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას გეგმავს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერი ამბობს, რომ ტენდერი მაისში დასრულდება და ამავე თვის ბოლოს გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდება.

"ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის უკვე, სავარაუდოდ, გამოვლინდება კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

როგორც მოგეხსენებათ, უშუალოდ მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ამ სფეროში, ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით. შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ უკვე კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა პრემიერმა.

რამდენიმე დღის წინ ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თქვა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკონსულტაციო კომპანიამ უკვე მოამზადა სატენდერო ბადე და ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. მისივე თქმით, უახლოეს ხანებში შეარჩევენ იმ მშენებელ კომპანიას, რომელიც საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მუშაობას დაიწყებს.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი წარმატებით გაიარეს შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა.

თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია 50 მლნ ლარი.


Print