ახალი ამბები
სოხუმის სანაპიროზე მომხდარ სამმაგ მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელი შეეფარდათ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ“ სოხუმის სანაპიროზე მომხდარი სამმაგი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს სასჯელი შეუფარდა.

საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“ თანახმად, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ შემდეგი განაჩენი გამოიტანა:

ბესლან ბგანბა - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების კოლონიაში
ერიკ ჭკადუა - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების კოლონიაში
დათო ახალაია - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების კოლონიაში
დემურ ახალაია - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების კოლონიაში
ასლან ბლაბბა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების კოლონიაში.

ამავე ცნობით, „სასამართლომ“ ასევე დააკმაყოფილა დაზარალებულების მაია ბრატუხინას და ოთარ ზარანდიას სამოქალაქო სარჩელები, შესაბამისად, მათთვის  29 000 და 60 000 რუბლის ოდენობით თანხების გადახდა ბრალდებულებს დაეკისრათ. აქვე აღნიშნულია, რომ „განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიაში“.

2019 წლის 22 ნოემბერს, სოხუმის სანაპიროზე, რესტორან "სან რემოს" შესასვლელთან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ასტამურ შამბა (ასტიკა) და ალხას ავიძბა (ხასიკა). ორმხრივი სროლის შედეგად დაშავებული რესტორნის მიმტანი, 21 წლის დომინიკა აკირტავა, 3 დეკემბერს, მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.



ამ მოვლენების ფონზე, 2019 წლის 2 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე,წ, პარლამენტის დეპუტატებმა "გენერალური პროკურორის" ზურაბ აჩბას და მისი მოადგილის ეშსოუ კაკალიას გადადგომას დაუჭირეს მხარი. ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლეს "შინაგან საქმეთა მინისტრი" ჰარი არშბა და მისი მოადგილე კაზბეკ ქიშმახოვი.

2021 წლის 30 აპრილში "უზენაეს სასამართლოს" გადაეცა სამმაგ მკვლელობაზე საბრალდებო დასკვნა, რომლის მიხედვით, ერიკ ჭკადუას, ბესლან ბგანბას, ასლან ბლაბბას და ძმებს დათო და დემურ ახალაიებს ბრალად ედებათ სამი ადამიანის განზრახ მკვლელობა და კიდევ ორის, რუსტამ შამბასა და შამილ ავიძბას მკვლელობის მცდელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა და სხვისი ქონების განზრახ განადგურება.

მედია წერდა, რომ სასამართლო პროცესი "ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და გრძელვადიანია", 2012 წელს ალექსანდრე ანქვაბის მკვლელობის მცდელობისა და რუსი ბიზნესმენის სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი კომპანიონის გატაცებისა და მკვლელობის საქმეებთან ერთად.

ფოტო: "აიაშარა"




Print