ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში მეზობლების წინააღმდეგ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და იარაღის ფლობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის თანასოფლელებმა, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას "უფლებები საქართველოს" მიმართეს. ისინი შიშობენ, რომ საგამოძიებო ორგანო გეგმავს, საქმეზე გამოძიება შეწყვიტოს ბრალდებულის შეურაცხადობის მიზეზით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ფოთის რაიონულმა პროკურატურამ შუამდგომლობით უკვე მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნა.
"უფლებები საქართველომ", რომელიც დაზარალებულად ცნობილი თამარ ქარაიას და მისი დედის მახუტი ქარაიას ინტერესებს იცავს, საქმეში ჩართვისთანავე მოითხოვა საქმის მასალების გადმოცემა, ასევე მათ საგამოძიებო ორგანოს მიმართეს მოწმეების გამოკითხვისა და ერთ-ერთი დაზარალებულისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
ბრალდებულის მიმართ დაინიშნა ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, დადგინდა ბრალდებული პირის ფსიქიკური შეურაცხადობა. თუმცა, დაზარალებულები და მისი ადვოკატები ითხოვენ, რომ ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოკვლევა მოხდეს სტაციონარული წესით.
"უფლებები საქართველოს" იურისტები და დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ ბრალდებულის მიმართ გამოძიების შეწყვეტით შესაძლებელია, დაზარალებულების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე.
"უფლებები საქართველო" მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, სრულყოფილად გამოიკვლიოს ძალადობის ფაქტები და საქმის მასალები, ჩაატაროს ხელახალი ფსიქიატრიული ექსპერტიზა და მხოლოდ მტკიცებულებების სრულფასოვნად გამოკვლევის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, საჯიჯაოს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ კრიმინალური წარსულის მქონე მამაკაცი ნასამართლეობას ადგილობრივების დასაშინებლად იყენებს და უკვე მრავალი წლის განმავლობაში ავიწრიოებს სოფლის მოსახლეობას, შეურაცხყოფას აყენებს მეზობლებს, ითვისებს მათ ქონებას, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების მიზნით კი მიმართავს ფსიქიკური აშლილობის სიმპტომების სიმულირებას.
15 თებერვალს,
მოძალადე მამაკაცი თამარ და მახუტი ქარაიებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ ისინი მას თავიანთი მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებას არ მისცემდნენ. ინციდენტის გამო, მახუტი ქარაია გულის შეტევითა და ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი კი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 151-ე და 236-ე მუხლებით, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები