ახალი ამბები
აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საგანგაშო მდგომარეობაა - დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველის ანგარიში და DRI - ს მოწოდება
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა საგანგაშოა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველის ანას ქიშმარიას ე.წ. პარლამენტისთვის 14 მარტს წარდგენილ ანგარიშშია საუბარი.

მასში ვკითხულობთ, რომ აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არსებულ პირობებში სასჯელის მოხდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება, რაც პატიმრების ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახება, რაც სახალხო დამცველის განცხადებით, ეწინააღმდეგება ჰუმანურობის პრინციპებს და ადამიანის ღირსების პატივისცემას.

ანას ქიშმარია ძირითად პრობლემებს შორის ასახელებს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების არარსებობას, მინიმალური სანიტარული ნორმების დაუცველობას, პატიმრების კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, საკნების, ადგილისა და საწოლების დეფიციტს, მოძველებული შენობისა და დროის სწორად დაგეგმარების პრობლემებს.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, „ასეთ პირობებში პატიმრების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება ეწინააღმდეგება დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს, რაც იწვევს პიროვნების ღირსების შეურაცხყოფას, შემდგომ მარგინალიზებასა და დანაშაულის გაზრდას“.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საქართველოს არაერთი მოქალაქე იხდის სასჯელს ან/და ელოდება სასამართლო გადაწყვეტილებას, მათ შორის, უკანონო პატიმრობაში მყოფი : ქრისტინე თაკალანძე, ასმათ თავაძე და ირაკლი ბებუა.

DRI ყურადღებას ამახვილებს ირაკლი ბებუას მდგომარეობაზე, რომლის ჯანმრთელობაც, ბოლო მონაცემებით, გაუარესებული იყო.

„თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პატიმრების მიერ მსგავს პირობებში სასჯელის მოხდა ეწინააღმდეგება გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალურ სტანდარტულ წესებს; განსაკუთრებით, იმ ძირითად მოთხოვნებსა და პრინციპებს, რაც დაკავშირებულია სანიტარულ ნორმებთან, საკანში განთავსების პირობების დაცვასა და სათანადო კვების უზრუნველყოფის გარანტიებთან (მე-9, მე-10, მე-12, მე-20 წესები)“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აქედან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ოკუპირებული აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შემოწმების მიზნით საერთაშორისო მონიტორინგის მისიების დასაშვებად;

ასევე, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა შექმნას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ხაზები აფხაზეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან დროულად გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით;

საქართველოს სახალხო დამცველმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური მანდატი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი უკანონო პატიმრების გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით.

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს სამი მოქალაქე: ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ჯაშუშობის" ბრალდებით, ასმათ თავაძე, რომელიც დე ფაქტო სამართალდამცავმა ორგანოებმა 2022 წლის ნეომბერში დააკავეს, "მას ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვას ედავებიან“ და ირაკლი ბებუა, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.







Print