ახალი ამბები
ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია.

შესაბამისი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. ზურაბიშვილი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე.

"ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.

დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე", - ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში.

საკითხი საქართველოს პრეზიდენტმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაგმო.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში 30 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. მანამდე, 12 მარტს სოხუმში გამართულ ფორუმზე, ასლან ბჟანიამ აფხაზ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსულ პასპორტებს ფლობენ, არჩევნებში ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 15 - 17 მარტს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმების 87% მიიღო. ის მეხუთე ვადით ხდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პუტინის ხელახალი არჩევა რუსეთში მის მმართველობას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.

Print