ახალი ამბები
საოკუპაციო ხაზის 100%-იანი „გადახურვა“ ფიზიკურად შეუძლებელია - გომელაური
„შსს-ში 100 000 თუ გავხდებით, კი ბატონო - ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, - ამის შესახებ  „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ისაუბრა.

მან საკითხთან დაკავშირებით დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვას უპასუხა.

„ მიმდინარეობს პატრულირება და ბევრი რაღაც კეთდება. ღიად ყოველთვის ვერ ვისაუბრებთ, რა კეთდება და როგორ კეთდება. მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზია... დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი „გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გავაკეთოთ... მაშინ, შსს 40 000 კი არა, 100 000 თუ გავხდებით კი, ბატონო, მერე გავაკეთებთ, თუმცა ეს ფიზიკურად ვერ მოხდება. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მარტო აშშ კი არა ყველა, ბევრი, ევროპული და მათ შორის აზიური ქვეყნებიც. 100%-იანი დაკეტვა მე მგონი, მარტო ჩრდილოეთ კორეაშია. გადაკეტილი აქვთ მთელი საზღვრები. მეტს, მსოფლიოში ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, რომ საზღვრები 100%-ით დახურული აქვს, მით უმეტეს, საოკუპაციო ხაზი, სადაც ჩვენი მოქალაქეებიდან ზოგი იქით გადადის, ზოგს ნათესავი ჰყავს, ზოგი სასაფლაოზე გადადის, სამწუხაროდ, არ უშვებენ და აკავებენ. ეს პრობლემა დგას. თქვენ თუ იცით, გამოსავალი, რომ ასე შეიძლება გაკეთდეს, სიამოვნებით მოგისმენდით... არ მინდა ღიად ვისაუბრო. ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს, რას, როგორ ვაკეთებთ“, - განაცხადა გომელაურმა.



Print