ახალი ამბები
ბაზა დამატებითი ინსტრუმენტია, თუმცა მთავარი პრობლემა ოკუპაციაა - პაპუაშვილი ოჩამჩირის პორტში რუსული ფლოტის განთავსებაზე
"აქ მთავარი პრობლემა არის არა ბაზაში ან სხვადასხვა აღჭურვილობაში, არამედ მთავარი პრობლემა არის ოკუპაციაში და მისი დასრულება არის უპირველესი ამოცანა. ამიტომ, ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ეს საფრთხეც დასრულდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოჩამჩირის ნავსადგურში რუსეთის სამხედრო- საზღვაო ძალების განთავსება არის ერთ-ერთი დამატებითი მექანიზმი რუსეთის ხელში.

19 მარტს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი თანმიმდევრულად მუშაობს ოჩამჩირის პორტში სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებაზე. მან ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, სადაც მშენებლობის პროცესია ასახული.

2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზების შექმნის შესახებ განაცხადა, 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვა, რომ "რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს".

Print