ახალი ამბები
ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ - ნიკა კვეკვესქირის დედის პირველი ემოციები (აუდიო)
ევრო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორის დედა ნანა გერგაია გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

ნიკა კვეკვესქირის დედამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ განსაკუთრებით ემოციური სწორედ პენალტების სერია იყო, რომელზეც მეხუთე, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი მის შვილს, ნაკრების 16 ნომერს უნდა დაერტყა. ნანა გერგაია, რომელიც თამაშს მეუღლესთან ერთად ესწრებოდა, გვიყვება, რომ ფეხბურთელის მამამ გამარჯვების გოლის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.

"ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. ვესწრებოდი ამ თამაშს და ისეთი საოცარი გარემო იყო, ისეთი გულშემატკივრობა... ბიჭებმაც ბოლომდე, 120 წუთი იბრძოლეს და შრომა დაუფასდათ. არ შემიძლია არ ვთქვა გიორგი მამარდაშვილის შესახებ, რომელმაც პირველი პენალტი აიღო და ამით დამატებითი სტიმული მისცა ბიჭებს.

ნიკას გოლი იყო გადამწყვეტი და საოცარი შეგრძნება ჩემთვის, როგორც დედისთვის. ყველა გულშემატკივრისთვის დაუვიწყარი, აუხსნელი წამები იყო, მაგრამ დედისთვის, წარმოგიდენიათ, ალბათ, რა ხდებოდა ჩემს გულში. ჩემი მეუღლე მდუმარედ იყო მთელი თამაში და ბოლოს ცრემლები წამოუვიდა.

მატჩის შემდეგ ნიკა ვნახეთ და უსიტყვოდ გადავკოცნეთ ერთმანეთი, ასე მივულოცეთ ერთმანეთს გამარჯვება", - გაგვიზიარა საკუთარი ემოციები ნანა გერგაიამ.
1059fm · ნანა გერგაია - ნიკა კვეკვესქირის დედა
ნიკა კვეკვესქირის ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. ის წლინახევრის იყო, როცა გალიდან ოჯახთან ერთად იძულებით სახლის დატოვებამ მოუწია. ფეხბურთის თამაში ზუგდიდში 8 წლის ასაკში დაიწყო, სადაც ოჯახი დასახლდა.

31 წლის კვეკვესქირი ამჟამად პოლონური გუნდის "ლეხი პოზნანის" ფეხბურთელია.


ამავე თემაზე:

გამარჯვების მეორე დღე და ზუგდიდელების მილოცვა (ვიდეო)



Print