რეგიონი
მაღალმთიან დასახლებებში მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეძლებენ - მინისტრი
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები სახელმწიფოს 70 %-ის თანადაფინანსებით შეძლებენ. შამუგიას განცხადებით, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე) მაღალია, შესაბამისად, მინისტრის თქმით, ახალი სახელმწიფო პროგრამა სწორედ ფერმერთა ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.

„ეს ახალი პროგრამა გულისხმობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომელსაც აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების თანადაფინანსებას, თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 70%-ს და სიმძლავრეების მიხედვით, 1200 ლარიდან 2500 ლარამდე იქნება სახელმწიფოს თანადაფინანსება აღნიშნული ტექნიკის შეძენისთვის. ასევე, ძალიან მალე, აპრილში გამოცხადდება განაცხადების მიღება მოსავლის ამღებ ტექნიკაზე. წლებია, ჩვენ ამ მიმართულებით ვეხმარებით ფერმერებს. ამ ნაწილში 10 მილიონი ლარია გამოყოფილი წელს ბიუჯეტით და ჩვენ 30%-იანი თანადაფინანსებით დავეხმარებით ფერმერებს. ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსების მოცულობა იქნება არაუმეტეს 150 ათასი ლარისა”, - განაცხადა შამუგიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები 2024 წელსაც შეძლებენ. განაცხადების მიღება აპრილში დაიწყება.
Print