ახალი ამბები
სოხუმში ბაბუშარას აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლებას გეგმავენ
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
ამავე ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ჯანსუხ ნანბა 26 მარტს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. მინისტრთან შეხვედრაზე, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა უკმაყოფილება გამოთქვა მათი გასახლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს გადასვლას, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება, თუნდაც კომპენსაციის სანაცვლოდ“, - განაცხადეს მათ.

თავად ნანბამ განაცხადა, რომ ინფორმაცია აეროპორტის მახლობლად მდებარე სახლების მაცხოვრებლების გადასახლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, იუწყება “აფსნიპრესი“. ამასთან, მისივე თქმით, განიხილება „აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმა“.

„იმისთვის, რომ ავაშენოთ თანამედროვე აეროპორტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნას, არსებული ტერიტორია არ არის საკმარისი და ამ მხრივ განიხილება განვითარების გრძელვადიანი გეგმა, ე.წ. მეორე ეტაპი. ამ საკითხის განხილვაში მნიშვნელოვანი მივიჩნიეთ სოფლის წარმომადგენლების ჩართვა“, - აღნიშნა ნანბამ.

სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ რუსეთ-აფხაზური შეთანხმების თანახმად, აფხაზურმა მხარემ უნდა უზრუნველყოს „უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა მესამე პირებისგან რუსული იურიდიული პირისთვის გადასაცემად იმ შემთხვევებში, როდესაც ეს აუცილებელია საინვესტიციო პროექტის რეალიზაციისთვის“.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, მანამდე რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტში ინვესტიციების მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. მისივე თქმით, რუსეთიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით პირველი საცდელი რეისი მიმდინარე წელს იგეგმება.

2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“ განახორციელებს, რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ინვესტორმა ძველი შენობების დემონტაჟი დაიწყო. უფრო ადრე, სოხუმში განაცხადეს, რომ ბაბუშარას აეროპორტმა ფრენები 2025 წლის 31 მარტისთვის უნდა განაახლოს, მას შემდეგ, რაც მისი რეაბილიტაცია დასრულდება.





Print