ახალი ამბები
გაგრაში ოლდენბურგის პრინცის სასახლე შესაძლოა რუს ინვესტორს გადასცენ
გაგრაში მდებარე ოლდენბურგის პრინც ალექსანდრეს სასახლე, შესაძლოა, იჯარით რუს ინვესტორს გადაეცეს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა გარიკ სანგულიამ განაცხადა, წერს „აფსადგილ ინფო“.
მისივე თქმით, რუსმა ინვესტორმა მხოლოდ ერთი მოთხოვნა უნდა შეასრულოს - დაიცვას „რესპუბლიკის კანონმდებლობა“.

„სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი კანონმდებლობა შესრულდება, არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება“, - აღნიშნა სანგულიამ.

შეთანხმება ჯერ არ არის შედგენილი, თუმცა ის ითვალისწინებს ოლდენბურგის სასახლეში ისტორიული მუზეუმის გახსნას ექსკურსიების ჩატარების შესაძლებლობით.

არსებული ინფორმაციით, სასახლე 1898–1902 წლებში არქიტექტორ გრიგორი ლუცედარსკის პროექტით აშენდა. ის არტ ნუვოს სტილშია შესრულებული.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ოლდენბურგის პრინცმა ალექსანდრემ 1903 წელს დააარსა გაგრის კლიმატური სადგური.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 28 თებერვალს, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა, „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანეს, რომელთა თანახმად, „აღმასრულებელმა ხელისუფლებამ“ წინასწარ უნდა აცნობოს ე.წ. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის განზრახვის შესახებ.

მანამდე, როგორც გამოცემა წერს, აფხაზური საზოგადოება „საერთაშორისო ხელშეკრულების“ გაფორმების შესახებ მხოლოდ მისი ხელმოწერის შემდეგ იგებდა. კერძოდ, საუბარია „ბიჭვინთის შეთანხმებაზე“, რომლის რატიფიცირება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს, გამთენიისას მოახდინა. იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.








Print