ახალი ამბები
ოდესმე ეს ალბათ მოხდება, - ბჟანია ქართულ - აფხაზური ურთიერთობების დარეგულირებაზე
თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივაზე საუბრისას, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსული გამოცემა „არგუმენტები და ფაქტების“ ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, რომ „ოდესმე ეს ალბათ მოხდება“.

”და იმასაც ვისურვებდი, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში. ქართველი ხალხის მიმართ არანაირ აგრესიას არ განვიცდით. არის უბრალო ხალხი და არის ქართული სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში არის ოპოზიცია და, ალბათ, პოლიტიკოსები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გზით ვერ წავლენ. როცა საქართველოს ხელისუფლება იქამდე მივა, ყველა საკითხი მოგვარდება. ხომ დამეგობრდნენ ფრანგები და გერმანელები. საბჭოთა კავშირიც დაუმეგობრდა გერმანიას. მაგრამ სხვაობა რაში მდგომარეობს? ორივე შემთხვევაში გერმანიამ აღიარა თავისი დანაშაული და დამარცხება. არავითარ შემთხვევაში არ მინდა არავის დამცირება. მაგრამ რეალობა ისეთია, ფაქტები ისეთია, რომ ობიექტური რეალობა აღიარონ. ამის ნაცვლად კი რას ვხედავთ? საქართველო ჩვენს ბავშვთა სპორტულ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამგზავრების საშუალებას არ აძლევს. რა შუაშია ბავშვები? ასეთი ზომები არ იწვევენ ნდობის გაზრდას“, - განაცხადა მან.

ბჟანიამ ინტერვიუში მოსკოვთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოხუმი, დაინტერესებულია სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანებით, რუსეთთან და ბელარუსთან ერთად.

„ჩვენი მოქალაქეების - აფხაზების, რუსების, სომხების ინტერესებში შედის, რომ რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს. სხვა გზა არ გვაქვს და არც ვეძებთ. დასავლეთში გამოქვეყნებული არც ერთ მსოფლიო რუკაზე არ არის მითითებული ისეთი სახელმწიფოს, როგორიც აფხაზეთია. დიახ, ზოგიერთ საკითხში ჩვენი თვალსაზრისი მოსკოვისას შეიძლება არ ემთხვეოდეს, მაგრამ ამას არ ჰქონია და არც ექნება პრინციპული ხასიათი. მთელი აფხაზი ხალხი დაინტერესებულია ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებით და მათზეა დამოკიდებული ჩვენი შვილების მომავალი“, - დასძინა მან.

2023 წლის ოქტომბერში ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთებას არ გამორიცხავს.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ 2024 წლის მარტში, ასევე განაცხადა, რომ „აფხაზეთი თავის მომავალს საკავშირო სახელმწიფოში - რუსეთთან და ბელარუსთან ერთად ხედავს“. 




Print