ახალი ამბები
ალტ-ინფოს ლიდერსა და წევრს ზუგდიდში ჯგუფური ძალადობისთვის გირაო შეეფარდათ
პრორუსული ორგანიზაცია "ალტ ინფოს" ლიდერს ზურაბ მახარაძესა და წევრს გიორგი გოგიას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.

გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მახარაძისა და გოგიასთვის 5-5 ათასი ლარის შეფარდების შესახებ, რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოაცხადა.

სხდომას დაესწრო ორივე ბრალდებული. კონსერვატიული მოძრაობის არცერთი წევრი ბრალს არ აღიარებს.

მახარაძემ სხდომათა დარბაზში თქვა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, რადგან ფაქტს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ფორმას აფასებს და მომხდარს წინასწარ გამიზნულ პროვოკაციას უწოდებს.

პროცესზე პრორუსული ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ.

საქართველოს პროკურატურამ ზურაბ მახარაძესა და გიორგი გოგიას ბრალდება გუშინ წარუდგინა. ჯგუფური ძალადობის შემთხვევა ზუგდიდში 23 მარტს, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ამავე დღეს ორგანიზაციამ შეხვედრა ჩაატარა ზუგდიდის რეგიონულ ოფისში.
Print