ახალი ამბები
ზუგდიდში 9 აპრილის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს.

"35 წელი გავიდა ისტორიული 9 აპრილიდან, რომელიც შემზარავი იყო თავისი სისასტიკით, მაგრამ ამავდროულად იყო ერთიანობის, თავისუფლების და გარდაუვალი გამარჯვების მომასწავებელი. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ დღიდან 2 წლის შემდეგ აღდგა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. დიდება ჩვენს გმირებს, ერთიან საქართველოში გვეცხოვროს", - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს,12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღეს.

დოკუმენტის მიღებას წინ უსწრებდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი. შეკითხვას, "ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" ქვეყნის მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა.
Print