ახალი ამბები
მარტვილში 9 აპრილის გმირის აზა ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს
მარტვილში მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს გმირულად დაღუპული აზა ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათ გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები.

აზა ადამიას საფლავი რამდენიმე თვის წინ ანძის დაცემის შედეგად დაზიანდა, თუმცა როგორც მისი ოჯახის წევრი რადიო "ათინათს" ეუბნება, დაზიანებული ნაწილი უკვე რესტავრირებულია.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. თავისუფლებისთვის მებრძოლ სხვა ქართველებს შორის საბჭოთა არმიის მსხვერპლი, მარტვილელი, 22 წლის აზა ადამია იყო.

1991 წლის 9 აპრილს,12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღეს.

9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც.


ფოტო: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია

ამავე თემაზე: 

მარტვილელი აზა ადამია - გოგონა, რომლის გმირობა მასზე უფროსია (ვიდეო)

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წელი შესრულდა
Print