ახალი ამბები
"არა რუსულ კანონს!" - დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება
დღეს ზუგდიდის სკეიტ პარკში აქცია, სახელწოდებით "არა რუსულ კანონს!" 19:00 საათზე გაიმართება.

ამით მოქალაქეები ე.წ უცხოელი აგენტების კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოში ხელმეორედ დარეგისტრირებას გააპროტესტებს.

"ხელისუფლება ცდილობს შარშან უკომპრომისო ბრძოლით მოპოვებული გამარჯვების წართმევას. ის თავიდან ცდილობს გაიტანოს რუსული კანონი და საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს ევროპული მომავალი. ერთად ვაჩვენოთ "ქართულ ოცნებას", რომ არ მივცემთ ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლის უფლებას!", - წერს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი". 

გარდა ამისა, თბილისში ამავე ლოზუნგის აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს კანონპროექტის საწინააღმდეგო ბანერები აქვთ მიტანილი. საღამოს 19:00 საათიდან კი აქცია პარლამენტის წინ გაიმართება.

პარალელურად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა უკვე დაიწყო.

3 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მეორედ დააინიცირებდა. საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი 8 აპრილს დაარეგისტრირა.

2023 წლის 7 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათასობით მოქალაქის შეკრება მოყვა. აქციის დასაშლელად ძალოვნებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი, 66 პირი კი დააკავეს. საპროტესტო აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" გაიმართა ზუგდიდშიც. 9 მარტს კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო დოკუმენტი.


ამავე თემაზე: 

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„არა რუსულ კანონს!” - ზუგდიდში 15 აპრილს აქცია გაიმართება

"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქციის მეორე დღე ზუგდიდში (ფოტო)

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი - პარლამენტმა „უცხოური აგენტების კანონი“ ჩააგდო

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება

Print