ახალი ამბები
პირველი მოსმენით "აგენტების კანონი" მიღებულია
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მის განხილვას საკანონმდებლო ორგანოში წინ უძღოდა "ქართული ოცნების" წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ხმაური და დაპირისპირება.

სხდომას ასევე ესწრებოდა ქალაქ ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი და  პარლამენტის წევრი მმართველი პარტიის სიით მერაბ ქვარაია.

პარლამენტში კანონპროექტის განხილვა აქციების ფონზე მიმდინარეობს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში ე.წ უცხოური აგენტების კანონს პროტესტი მოჰყვა. 

15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 

3 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მეორედ დააინიცირებდა. საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი 8 აპრილს დაარეგისტრირა.

2023 წლის 7 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათასობით მოქალაქის შეკრება მოყვა. აქციის დასაშლელად ძალოვნებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი, 66 პირი კი დააკავეს. საპროტესტო აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" გაიმართა ზუგდიდშიც. 9 მარტს კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო დოკუმენტი.


ამავე თემაზე: 

პარლამენტის ბიურომ ე.წ აგენტების კანონპროექტი დაარეგისტრირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "აგენტების კანონს" განიხილავენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "აგენტების კანონს" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
Print