ახალი ამბები
"ოცნება" ზუგდიდსა და მესტიაში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო საკონსტიტუციო ცვლილელებს წარადგენს
დღეიდან, მომდევნო დღეების განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კონსტიტუციურ კანონის პროექტს წარადგენს. "სახალხო" განხილვა გაიმართება ზუგდიდსა და მესტიაშიც.


"ამ ცვლილების ინიცირების საფუძველი არის ის ტენდენციები, რომელსაც ყველა ვაკვირდებით ბოლო პერიოდში. ტენდენციები, რომელიც ხდება მსოფლიოში. ჩვენ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ის, რა ტენდენციებიც არის ხოლმე გარეთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენკენაც შეიძლება გადმოვიდეს. ამიტომ აქედანვე უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ ამ მხრივ ჩვენს ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით, რა არის ჩვენი ფასეულობა, რა არის ის კალაპოტი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იმოძრაოს", - განაცხადა ქუთაიში მიმდინარე შეხვედრის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სალომე ქურასბედიანი, თენგიზ შარმანაშვილი, სოზარ სუბარი, ფრიდონ ინჯია და შალვა კერესელიძე. საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის კიდევ ერთი წევრია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.


"ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტში წარდგენილია მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი და ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", რომელიც არაერთ შეზღუდვას გულისხმობს.


Print