ახალი ამბები
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ოდა სახლისა და მარნის იერსახე რეაბილიტაციის შემდეგ შეცვლილია (ფოტო)
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა გიორგი ნიკოლავამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ნაჩვენებია აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მდგომარეობა რეაბილიტაციამდე და მის
შემდეგ.

ფოტოებზე ჩანს, რომ სახლ-მუზეუმის ვიზუალური იერსახის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი შეცვლილია. ასავლელი კიბე, რომელიც პირვანდელი მდგომარეობით ოდის უკიდურეს მარჯვენა მხარეს იყო განთავსებული, ამჟამად სახლ-მუზეუმის შუაშია. გარდა ამისა, ახალი პროექტის მიხედვით, შენობას წინა მხარეს არ აქვს მინის ფანჯრები, რაც მნიშვნელოვნად განასხვავებს ადრინდელი მოცემულობისგან. ასევე, ფოტოზე გაცილებით დიდი ჩანს მარცხენა მხარეს მდებარე ნაგებობა.

რადიო "ათინათი" კომენტარისთვის დაუკავშირდა აბაშის მერიას. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ გადაწყდა სახლ-მუზეუმის იერსახის შეცვლა, ეს განპირობებული იყო თუ არა სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე. მათ კითხვებზე ვერ გვიპასუხეს და გვითხრეს, რომ პროექტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებდა და მათთვის მიგვემართა. ჩვენ ასევე არაერთხელ დავუკავშირდით კულტურის სამინისტროსა და მშენებელ კომპანიას, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

კულტურის სამინისტრომ სახლ-მუზეუმის განვითარების კონცეფცია 2018 წელს შეადგინა, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე იგეგმება სამუზეუმო-საექსპოზიციო, საზოგადოებრივ- კულტურული აქტივობებისა და ეთნოგრაფიული ზონის მოწყობა. 

კონკრეტულად, ტერიტორიაზე არსებული ოდა სახლისა და მარანის რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე ნებართვა 2020 წელს გაიცა. ის ფონდ "ქართუს" მიერ დაფინანსდა. დასრულებული სამუშაოები კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 18 აგვისტოს ჩაიბარა.

შენობა 1987 წლიდან ფუნქციონირებს. იქ ინახება მწერლის ნივთები, მწერლის ხელნაწერთა ფოტო-ასლები, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი სურათები. 2007 წლიდან მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.


ფოტო: Giorgi Nikolava Photography

Print