ახალი ამბები
მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება - მთავრობა
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის აშენდება იგეგმება.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, უკვე შერჩეულია კონკრეტული კომპანია, რომელიც ახალი ტერმინალის პროექტს განახორციელებს.

"მესტია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონია, შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში, მესტიაში და ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ყველა შესაბამისი სერვისი. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ტურისტული პოტენციალი განვავითაროთ", - განმარტა მან.

მთავრობის ვებ გვერდზე აღნიშნულია, რომ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი იქნება თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისუფალი გეგმარება და ფუნქციურად შედგება გამგზავრებისა და მოფრენის ზონებისგან.

ინფორმაციისთვის, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებისთვის 435 000 ლარი 13 თებერვალს გამოყო. 


ამავე თემაზე:

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
Print