ახალი ამბები
მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას არ უთითებს - TI საქართველო
მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებასა და შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.

"კაპიტონ ჟორჟოლიანის საკუთრებასა და თანასაკუთრებაშია 7 ქონება, რომელთა დეკლარირება არ გააკეთა:

1,235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება

57 კვ.მ. ბინა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე რომელსაც მეუღლესთან ერთად ფლობს

11,856 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მულახში - თანასაკუთრება

8,536 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - თანასაკუთრება

11,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - საკუთრება

3,203 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - საკუთრება

357 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება", - მითითებულია დოკუმენტში.

თავის მხრივ, მესტიის მერმა რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ორგანიზაციის დოკუმენტი ინფორმაციის დამახინჯებაა.

" განგიმარტავთ, ხელფასი დეკლარაციაში თავისთავად ხვდება "RS"-ით. მათი ინფორმაცია არის ტყუილი. ჩემი დეკლარაცია საჯაროა და შეგიძლიათ, თვითონ ნახოთ", - თქვა მესტიის მერმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კი ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს, რათა კაპიტონ ჟორჟოლიანის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები შეისწავლოს, რასაც, ორგანიზაციის განცხადებით, უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

Print