ახალი ამბები
სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებები შემოწმდა - აღმოჩენილია დარღვევები
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.

კერძოდ, დარღვევები ეხებოდა სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაციის წინარე დამუშავებას,ხელის ჰიგიენის ღონისძიებების დაცვის სისტემურ მონიტორინგს, ინფრასტრუქტურის ზედაპირების მთლიანობის და ნარჩენების მართვას, დაწესებულების არასათანადო ვენტილაციას; სამედიცინო თეთრეულის რეცხვის, დამუშავების, შენახვის და გამოყენების მოთხოვნების უგულებელყოფას.

"ახალნაოპერაციები პაციენტი ჯერ კიდევ ადგილზე, საოპერაციო მაგიდაზე იმყოფებოდა. მის ჭრილობაზე მილით შეერთებული დრენაჟის რეზერვუარი იატაკზე იდო, პერსონალი კი, ამ დროს ცოცხით გვიდა საოპერაციოს. ფანჯრის რაფაზე ქაოსურად, მოთავსების წესების დაუცველად ეწყო გამოყენებული სამედიცინო ინსტრუმენტები და ინვენტარი. გახსნილი ინსტრუმენტები ეწყო იატაკზე, საოფისე მაგიდებსა და სკამებზეც. საოპერაციოს ხელსაბან და გასახდელ სივრცეში, იატაკზე, მაგიდასა და სკამებზე ელაგა გახსნილი ინსტრუმენტების ბიქსები. საოპერაციო სივრცეში უხეშად იყო დარღვეული ინფექციის კონტროლის და ნაკადების მართვის ყველა წესი, რაც ახალნაოპერაციები პაციენტის ჯანმრთელობას ინფიცირების მომეტებულ რისკს უქმნიდა. შემდეგ დღეებში დამატებით ინფორმაციის მოძიების შემდეგ, მონიტორინგის ჯგუფმა ასევე გაარკვია, რომ შესაბამისი ნებართვის არმქონე სივრცეში მიმდინარეობდა აღნიშნულის სამედიცინო მანიპულაცია", - აღწერილია დოკუმენტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ რისკების შემცირება და პაციენტზე ორიენტირებული, უსაფრთხო სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.

ომბუდსმენის აპარატი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, განიხილოს წარმოდგენილი მონიტორინგის ანგარიშის მიგნებები და შედეგები საზოგადოებას აცნობოს.
Print