ახალი ამბები
ლგპტ პროპაგანდასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ლიდერები ზუგდიდში განხილვას აწყობენ (ფოტო)
ზუგდიდში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვა მიმდინარეობს.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და მას პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარები მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ესწრებიან.

განხილვას უმეტესად მმართველი პარტიის მხარდამჭერები, ასევე, საჯარო მოხელეები ესწრებიან.

"ზუსტად ვიცით, რომ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვა არის პრიორიტეტი ყველგან, ასევე, ზუგდიდში. ჩვენი საზოგადოება ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან უნდა იყოს დაცული, ასევე, ჩვენი მომავალი. ამიტომაც, ამ განხილვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ის კითხვა და ემპათია, რომელიც ყველა ქალაქში გამოიწვია ამ ცვლილებებმა. ჩვენ ველოდებით, თუ როდის განხორციელდება ეს ცვლილებები ზუგდიდში და ჩვენი საზოგადოებაც იქნება დაცული იმ პროპაგანდისგან, რომელიც არღვევს ქართულ მენტალობას", - თქვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა. 

ამ დროისთვის დამსწრეებს "ხალხის ძალის" ლიდერი სოზარ სუბარი მიმართავს.

"ქართული ოცნების" ლიდერებმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის ზუგდიდსა და მესტიაში წარდგენაზე 22 აპრილს ისაუბრეს.

"ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტში წარდგენილია მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი და ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", რომელიც არაერთ შეზღუდვას გულისხმობს.


Print