ახალი ამბები
სამი დღეა ვეხვეწებით აქ მოსვლას - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც ქართველისთვის, მამაკაცისთვის, მართლმადიდებლისთვის და მამისთვის დღევანდელ შეხვედრას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

"გაუგებარია, რა შეკითხვა შეიძლება დაისვას ან რა განხილვა შეიძლება იქნეს. მე იმასაც ვიტყვი, რომ სტუმართმოყვარეობის გამოხატულებაა ამ დარბაზში ხალხის შეკრება. თქვენ მიმართ, კანონის მიმართ, თორემ სამი დღეა ვეხვეწებით აქ მოსვლას, მაგრამ ვერ გაიგეს, რა უნდა განიხილონ ან რატომ", - თქვა გუბერნატორმა.
მისივე განმარტებით, დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს და როგორც თვითონ ამბობს, საზოგადოების უფლებები იმ კანონითაა დაცული, რაც მათ მოქალაქეებთან ერთად განიხილეს.

"აქ ქალები, მამაკაცები, დედები, მამები სხედან. ნომერი ერთი და ნომერი ორი არავინ არ არის. როგორც ითხოვენ ისე დაგვიძახეთ, ეს იქაც საკამათო იქნება ერთი მამას დაუძახებს თუ დედას. მარაზმია ჩემო კარგებო, დანარჩენი ვნახოთ როგორ და რანაირად არის", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვა ჩაატარეს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარები მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დაესწრნენ.



ამავე თემაზე: 

ეს კანონი აუცილებლად საჭიროა - საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი თაზო ფაცაცია ანტი-ლგბტ კანონზე (ვიდეო)

„პროპაგანდით ორიენტაციას ვერ შეიცვლით“, - სამოქალაქო აქტივისტის კომენტარი და შეურაცხმყოფელი რეპლიკები მის მიმართ (ვიდეო)
Print