ახალი ამბები
მარტვილში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით უკანონოდ მოპოვებული ბზის 1300 ერთეული ტოტი გადაჰქონდა. ამავე ცნობით, ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.



უფრო ადრე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, კონტროლს ამკაცრებს.

მათივე ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა, სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

უწყებაში განმარტავენ, რომ "ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე".

"კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა.ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირებულია", - ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მკაცრი სანქციები გატარდება.

Print