აქტუალური თემები
ზუგდიდის მერიას 40-მდე საჯარო მოხელე დატოვებს
2019 წლის სექტემბრიდან მერია 38-ით ნაკლები თანამშრომლითა და ახალი სტრუქტურით იმუშავებს. რადიო „ათინათს“ მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა ირაკლი ამანათიძემ უთხრა, რეორგანიზაციის მთავარი მიზანი მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული სტრუქტურის შექმნაა. ამჟამად მერიაში 335 ადამიანი მუშაობს, აქედან 13 შტატგარეშე თანამშრომელია.

„ზოგადად რეორგანიზაცია არის მტკივნეული საკითხი, ვინაიდან საქმე გვაქვს ავტომატურ რეჟიმში შტატების შემცირებასთან. ერთის მხრივ, არის ის დადებითი მხარე, რომ  უფრო ეფექტური, მობილური და მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული სტრუქტურა იქმნება, მაგრამ ამავე დროს მცირდება შტატები“, - აღნიშნა ამანათიძემ.

მისივე თქმით, შტატების შემცირებისას მთავარი კრიტერიუმი სამუშაოს აღწერილობა და ამა თუ იმ თანამშრომლის დატვირთვის მაჩვენებელი იყო. რაც შეეხება სამსახურებსა და განყოფილებებს, ამანათიძის ინფორმაციით, ერთიანდება შესყიდვებისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურები, ასევე, განყოფილებების უმრავლესობა.

ცვლილებების შესახებ თანამშრომლებს დაზუსტებულ ინფორმაციას ორშაბათს წარუდგენენ. ამანათიძე აქვე განმარტავს, რომ 38 პირი მობილობის პროგრამაში ავტომატურად გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შესაბამის პოზიციაზე ვაკანსიის არსებობისა და საკუთარი სურვილის შემთხვევაში, მუშაობას შეძლებენ.

„თუ ეს მობილობის პროცესი ვერ განხორციელდა, პირი ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში და მიეცემა სამ თვიანი კომპენსაცია. შესაძლოა, ისინი დასაქმდენენ ააიპ-ში, ან მერიაში ვაკანტურ ადგილზე, ან სამეგრელოს ფარგლებში აესებულ ვაკანტურ პოზიციებზე. ჩვენ საჯარო მოხელეებს დაეხმარებიათ, რომ სამსახურის გარეშე არ დარჩნენ “, - გვითხრა ირაკლი ამანათიძემ.

სპეციალური ჯგუფი მერის გიორგი შენგელიას ხელმძღვანელობით ახალი სტრუქტურის შექმნაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა. საბოლოოდ, ახალი სტრუქტურა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.






Print