ახალი ამბები
დევნილები, რომლებიც კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეიჭრებიან, ბინებს ვერ მიიღებენ
იძულებით გადაადგილებულ პირებს,  რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, დევნილის შემწეობა შეუწყდებათ და ბინით დაკმაყოფილებაზე უარს მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შეინიშნება საეჭვო ჯგუფების გააქტიურება და მათი ორგანიზებით დევნილები ამა თუ იმ კერძო თუ სახელმწიფო ობიექტებში ახორციელებენ უკანონო შეჭრას. დევნილთა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის ის წესი და ბრძანება, რომლის მიხედვითაც, თუ თვითნებურად არის შეჭრილი დევნილი ოჯახი, მისი ბინით უზრუნველყოფა არ განხორციელდება. გვინდა, განმეორებით შევახსენოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ ფაქტებს განახორციელებს, რომ არ მოხდება ბინით მათი უზრუნველყოფა. ასევე, მოხდება მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა. ჩვენ ვიქნებით შეუვალი ასეთი ფაქტების მიმართ“, – აღნიშნა გიორგაძემ.

სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, რომ არ შეიჭრან კერძო ობიექტებში.
ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბინა 300 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, რის შემდეგაც დევნილთა საცხოვრებელი 12-მდე ავარიული შენობა დაიხურება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ბინების მისაღებად განაცხადის შევსება 2 სექტემბრიდან შეეძლებათ.

Print