ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს, მერიასა და ააიპ-ებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები ეყოლებათ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მერიასა და ააიპ-ებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დანიშვნა იგეგმება. ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე ისაუბრეს. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია თანამშრომლების რაოდენობის ზრდაზე ჯერ ვერ საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი ააიპ-ების რეორგანიზაციაზეა იქნება დამოკიდებული.

"ეს იქნება საშტატო, თუ ხელშეკრულებით მოგვიანებით გადავწყვიტავთ, თუმცა უფრო ვფიქრობ, რომ თანამშრომლებს ხელშეკრულებით ავიყვანთ. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა აუცილებლად უნდა გაიაროს აკრედიტირებულ დაწესებულებაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი, რომ ემსახუროს საკრებულოს, რომელიც აუცილებლად ჩამოაყალიბებს იმ ნორმებს, რომელლიც აუცილებელია შრომის უსაფრთხოებისთვის. ააიპ-ებს ერთი შტატი არ ჰყოფნის და აქ ის უნდა ჩამოყალიბდეს განყოფილების სახით. ამ ეტაპზე ააიპ-ების რეორგანიზაციის თემას გავდივართ და მას შემდეგ იქნება ცნობილი, თუ რამდენი თანამშრომელი იქნება. შესაძლებელია თანამშრომლების გადამზადება და დამატებით კადრის აყვანა არ დაგვჭირდეს", - ამბობს წოწერია.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, 2019 წლის 1 სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველო კანონი - არა მხოლოდ საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, არამედ ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე გავრცელდება.



Print