ახალი ამბები
საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო აღარ იქნება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, ეს „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას უკავშირდება.

„ომიკრონის სუსტი მიმდინარეობის და ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას", - განაცხადა ღიბრაძემ.

მისივე შეფასებით, ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება.

„პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა“, - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში "მწვანე პასპორტი" გასული წლის 1-ელ დეკემბერს ამოქმედდა.

Print