სტატია
პოლონეთის ელჩი: მჯერა, საქართველო დაამტკიცებს, რომ მზადაა გახდეს ნატოს წევრი
საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რამდენიმე დღის განამვლობაში სამეგრელოს სტუმრობდა. რას უკავშირდებოდა მისი ვიზიტი, რას ფიქრობს ელჩი საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე და რეგიონის პოტენციალზე, როგორ ვითარდება ქართულ - პოლონური ურთიერთობები, ამ და სხვა თემებზე მან რადიო "ათინათთან" ისაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩთან.



ბატონო ელჩო, მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. სამეგრელოში აქამდე თუ ხართ ნამყოფი?


ზუგდიდსა და სამეგრელოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. თუმცა, ძალიან მიხარია, რომ "ათინათში", რადიოსა და ორგანიზაციაში სტუმრობის საშუალება მომეცა. ეს ორგანიზაცია 90-იანი წლებიდან თანამშრომლობს პოლონეთთან, ბევრი მსმენია მასზე და თქვენს რადიოზე.

რაკი რადიო ახსენეთ, აქვე გკითხავთ, პოლონეთში რამდენად პოპულარულია რადიო?

რადიო ძალიან პოპულარულია. ჩვენთან ბევრი რადიო სადგურია, სხვადასხვა მიმართულების. თავის დროზე, როდესაც ბავშვი ვიყავი და ტელევიზიამ დაიწყო სწრაფი აღმავლობა, ბევრი ფიქრობდა, რომ რადიო გაქრებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა. რადიოს უფრო ხშირად მანქანაში, მოგზაურობისას ვუსმენ, მათ შორის, ქართულ რადიო სადგურებსაც. თან, ვცდილობ, ჩემი ქართული გავაუმჯობესო.

სამეგრელოში თქვენი სტუმრობის მთავარ მიზეზს დავუბრუნდეთ. 1 აპრილს ფოთში ნატოს მეორე მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთის ხომალდები შემოვიდნენ. მასპინძლებს შორის თქვენც იყავით, რასთან იყო ეს დაკავშირებული?

დიახ, ეს საელჩოს ვალდებულებაში შედის, რადგან საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ნატოს საკონტაქტო პუნქტის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება დაეკისრა. ორი წლის განმავლობაში შევასრულებთ აღნიშნულ ფუნქციას და საელჩოს ღონისძიებების ფარგლებში, მჭიდრო კონტაქტი გვექნება საზოგადოებასთან, მედიასთან. მანამდე, ამ ფუნქციას ბულგარეთის საელჩო ასრულებდა. იანვრიდან შევუდექით ჩვენი მოვალეობის შესრულებას და სიამოვნებით ვაკეთებთ ამას, რადგან ნატო, უპირველეს ყოვლისა, არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ერთი აქსიოლოგიური სისტემის ქვეყნებს. ფასეულობები ჩვენთვის მთავარია. რა თქმა უნდა, სამხედრო ასპექტი მნიშვნელოვანია, რადგან სამხედრო თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება.

თქვენი აზრით, როგორია საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა, არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ვგულისხმობ ოკუპირებულ რეგიონებს ?

გასულ კვირაში შევხვდი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, მასთან ერთად ვესწრებოდი შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციებში, ასევე ნატოს სასწავლო ცენტრში, სადაც ნატოს ექსპერტები ატარებენ სწავლებებს ქართველი პარტნიორებისთვის, საშტაბო თანამშრომლობის ფარგლებში. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ადასტურებს ნატოს მზადყოფნას, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში გახდეს ალიანსის წევრი. თუმცა, როგორ და როდის მოხდება ეს, რა გარემოებებში, ამის წინასწარ განჭვრეტა, რა თქმა უნდა, რთულია.

პოლონეთის ნატოში წევრობის თითქმის 20 - წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა პრობლემების გადალახვა მოუწევს მას?

პოლონეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი 90 - იანი წლების დასაწყისში გამოთქვა. მაშინ ჩვენი მეზობლები ძალიან ბრაზობდნენ, რა თქმა უნდა, რუსეთი გამოთქვამდა უკმაყოფილებას. პირველ რიგში, მას სურდა ეჩვენებინა, რომ პოლონეთში ძალიან არასტაბილური სიტუაციაა, რომ ეროვნული უმცირესობები აღმოსავლეთში, ლიტვასა და ბელორუსში, ასევე , უკრაინაში ხელს შეუშლიან პოლონეთს, გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, რუსეთი ცდილობდა დაემტკიცებინა დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ ჩვენ არ ვართ მზად ნატოს წევრობისთვის, და რომ პოლონეთის ნატოში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რეგიონის სტაბილურობას. მე შემთხვევით არ მიხსენებია პოლონეთის მაგალითი, საქართველო - ნატოს კონტექსტში, რადგან ახლაც მსგავსი სიტუაციაა, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, არ გვქონდა ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პოლონეთმა დასავლეთისკენ გადაიწია. სტალინმა ჩადო ეს ნაღმი იმ მიზნით, რომ ჩვენ მუდმივი კონფლიქტები გვქონოდა ჩვენს მეზობლებთან. ლიტვასთან ვილნიუსის და პოლონელი უმცირესობების გამო, ბელარუსთან გროდნოს გამო და ასე შემდეგ. ამ ნაღმის აფეთქება მათ სურდათ მაშინ, როდესაც პოლონეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ, ეს არ გამოუვიდათ. და, მე მჯერა, რომ საქართველოც გადალახავს ამ სირთულეებს და დაამტკიცებს, რომ მზადაა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი.



ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და ვიზალიბერალიზაციის გათვალისწინებით, რამდენად მიუახლოვდა საქართველო ევროკავშირს? სწორად მივდივართ თუ არა?

აქ რთულია რჩევის მიცემა, რადგან, კონკრეტულმა ქვეყანამ, თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ რა გზებით გაართმევს თავს სირთულეებს, საკუთარი კონტექსტიდან გამომდინარე. თუ ჩვენი ქვეყნის წარსულს გადავხედავთ, პოლონეთს კომუნიზმის დროს ჰქონდა გარკვეული უპირატესობები, თუ შეიძლება ასე ითქვას, უპირატესობა იყო ის, რომ, ბევრმა შეძლო კერძო საკუთრების შენარჩუნება, ინტელიგენციის და საშუალო კლასის დიდი ნაწილი გადაურჩა განადგურებას, გარდა ამისა, ჩვენ ომის შემდეგ ვიქეცით მონოეთნიკურ ქვეყნად. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გაგვიმართლა და ის, რაც იყო მინუსი, იღბლის, ღმერთის თუ გამართლების წყალობით, შევძელით და პლიუსად ვაქციეთ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ სწრაფად დაიწყო ტრანსფორმაცია, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს თუ შევადარებთ. უბრალოდ, ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენი საზოგადოება გადავიდა ინკლუზიურობის პრინციპზე. ეს სისტემა ეფუძნება სოლიდარობის პრინციპს. პოლონეთში მიუხედავად პოლიტიკური პარტიების შეხედულებათა სხვაობისა, ჩვენ ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ დავიცვათ იმ ადამიანების ინტერესები, ვინც ვერ იცავს თავს, და ვეცადოთ, რომ ძალიან მდიდარმა ადამიანებმა ვერ მოახდინონ გავლენა პოლიტიკაზე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება.

პოლონეთი ერთ - ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ემხრობა ევროკავშირის საზღვრების გაფართოებას, მათ შორის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ ...

დიახ, მართალი ბრძანდებით, ევროკავშირის სტრუქტურები მხარს უჭერენ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ, და ვფიქრობ, ისეთი ქვეყნების ძალისხმევამ, როგორიცაა პოლონეთი,მოგვცა ისეთი შედეგები, როგორიცაა DCFTA და უვიზო რეჟიმი. სხვათა შორის, ჩვენ ხშირად გვსაყვედურობდნენ ამის გამო დასავლეთის ქვეყნები, რადგან, მათი აზრით, ეს გამოიწვევდა გარკვეულა პრობლემებს.

რა თქმა უნდა, არის პრობლემები, მაგალითად, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული სტატისტიკაც, რომ საქართველოს მოქალაქეების არაკეთილსინდისიერი გზებით ცდილობენ მოითხოვონ თავშესაფარი, თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით და ყველაფერს აკეთებს, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი შემცირდეს.

როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებები უნდა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად, მათ შორის ჩვენს რეგიონში?

ვფიქრობ, აუცილებელია საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება, ეს არის ის, რამაც უნდა გააძლიეროს ეკონომიკა. როდესაც ბიუჯეტში ფული 15 მსხვილ საწარმოს შეაქვს, ეს ძალიან ცუდია, ეს ძალიან სუსტი საყრდენია ეკონომიკისთვის. პოლონეთში მთელი შემოსავლის 70% სწორედ მცირე და საშუალო საწარმოებისგან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს. მთავრობამ და პოლიტიკოსებმა უფრო მეტად უნდა დაუჭირონ მხარი მცირე და საშუალო მეწარმეობას. რაც შეეხება სხვა მიმართულებას, ტურისტების მზარდი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ტურიზმი შეიძლება გახდეს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. მთავრობის ამოცანაა, განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გზები, სასტუმროები.

პოლონელი ტურისტები ხშირად ჩამოდიან საქართველოში, თქვენს რეგიონში, განსაკუთრებით ივნის - სექტემბერში, პოლონელები იკავებენ სპეციფიურ ნიშას, ჩვენი ტურისტების უმრავლესობა არ ჩამოდის 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, ეს სხვაობაა , მაგალითად, პოლონელ და რუს ტურისტებს შორის. პოლონელი ტურისტები მიდიან სოფლებში, პატარა აგრო სახლებში, საოჯახო სასტუმროებში, ისინი ცდილობენ გაეცნონ კულტურას, შეეხონ საქართველოს უძველეს ისტორიას, პოლონელებისთვის ეს ძალიან საინტერესოა. როგორც ტურისტული კლიენტები, ჩვენ ძალიან სპეციფიკური ხალხი ვართ, საქართველომ უნდა განავითაროს ეს მიმართულება და დაეხმარონ პატარა კომპანიებს, რომლებიც მასპინძლობენ ასეთ ტურისტებს.

საქართველო - პოლონეთის ურთიერთობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, თუმცა ბოლო პერიოდში, ის განსაკუთრებით აქტიურია, როგორ ვითარდება დღეს ეს ურთიერთობები და რა იგეგმება სამომავლოდ, პრიორიტეტებზე თუ ვისაუბრებთ, ამ თვალსაზრისით?

თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენი ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობები გვაკავშირებს. ჩვენ ეს გამოვიყენეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაწყისშივე და ეს კონტაქტები ძალიან მაღალ დონეზე ავიყვანეთ. იოზეფ პილსუდსკიმ აღიარა პირველი რესპუბლიკა, ის მეგობრობდა ნოე ჟორდანიასთან. ამ დროიდან ჩაეყარა მყარი საფუძველი ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებს. საელჩო საქართველოში 90-იან წლებში ამოქმედდა. შემდეგ, იყო პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის აქტიურობა, რომელიც მხარს უჭერდა ცვლილებებს და საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ბევრი კარგი რამ გაკეთდა და ძალიან ვამაყობ ამით. მე, როგორც ელჩს, შემიძლია მხოლოდ განვავითარო ეს ყველაფერი.

მე ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდოს, 150 მილიონი ევრო წელიწადში, ეს ძალიან ცოტაა. ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ ეს მაჩვენებელი. თუმცა, ძირითადად , პოლიტიკური მიმართულების სამუშაო გვაქვს, საქართველო პოლონეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ევროპის და მსოფლიოს კონტექსტში, ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ გაეროს ყველა რეზოლუციას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, საქართველო- რუსეთის კონფლიქტთან. რა თქმა უნდა, ახლა მთავარ აქცენტს საჯარო დიპლომატიაზე ვაკეთებთ, საკონტაქტო საელჩოს მოვალეობების ფარგლებში. ჩვენ დავაფუძნეთ პოლონეთის ინსტიტუტი თბილისში, ეს კიდევ ერთი დასტურია ჩვენი თანადგომის.



რა შთაბეჭდილებებით ტოვებთ სამეგრელოს და ზუგდიდს?

ძალიან მიყვარს აქ ყოფნა, ეს რეგიონები ისე ახლოსაა ერთმანეთთან , რომ მანქანით მოგზაურობისას, ზოგჯერ ვერც ვარჩევ, როგორ გადავდივარ ერთი რეგიონიდან მეორეში. ჩემთვის ეს ყველფერი ქართული კულტურაა, ძალიან სასიამოვნოა როდესაც აქ განვითარებას ვხედავ. ზუგდიდში ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა, ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, გვსურს, რომ კულტურული თვალსაზრისით, უფრო მეტი გავაკეთოთ, მაგალითად ჩავატაროთ პოლონური კინოს ფესტივალი, ჩამოვიყვანოთ პოლონელი ხელოვანები, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტი, რომ ზუგდიდელებმა უფრო ახლოს გაიცნონ ჩვენი კულტურა, რა თქმა უნდა მომწონს სამეგრელო, ფოთიც, ანაკლიაც. ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი უფრო სწრაფად განვითარდეს. ვისურვებდი, რომ როგორც ადგილობრივმა, ისე ცენტრალურმა ხელისუფლებამ, შეძლოს არსებულ პრობლემებთან გამკლავება. ამას ვუსურვებ, ზუგდიდის და რეგიონის ყველა მცხოვრებს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან მარტვილის კანიონში სამუშაო საათები გახანგრძლივდება და 20:00-ის ნაცვლად, შესვლა 22:00-მდე იქნება შესაძლებელი.
29 / მარტი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 51 040 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
28 / მარტი 2024
იმისათვის, რომ კლინიკური ფსიქოლოგიის ლიცენზირებულ მომავალს კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოებოდა, ზუგდიდელმა დავით ქირიამ საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ფსიქოლოგიის სფეროში სტაჟირების რამდენიმე საფეხური გაიარა, რაშიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები დაეხმარა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.