სტატია
დამოუკიდებლობის აღდგენა, როგორც საერთო ეროვნული იდეა - ორი ზუგდიდელი ხელმომწერის მოგონება
1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობას მოსახლეობის, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების 98%-მა დაუჭირა მხარი.

რეფერენდუმი 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა კი ზვიად გამსახურდიამ 28 წლის წინ, ზუსტად 9 აპრილს გამოაცხადა.

აქტის ხელმომწერებს შორის ზუგდიდელებიც იყვნენ. მათ ნაწილს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, საერთო იდეა ქვეყნისთვის იმდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანად მიაჩნდათ, რომ სულისკვეთება ყველასი ერთნაირი იყო.

28 წლის შემდეგ დეპუტატი „მრგვალი მაგიდიდან“ ზუგდიდელი გია მამფორია ამბობს, რომ ეს დღე იყო დაგვირგვინება და ლოგიკური დასრულება იმ ბრძოლისა, რაც წინ უძღოდა დამოუკიდებლობის აღდგენას. მანამდე გია მამფორია ჯერ უზენაესი საბჭოს წევრი იყო, უფრო ადრე კი „ილია მართლის საზოგადოების“ წევრის ეგიდით იბრძოდა თავისუფლებისთვის. 

„იმ დღეს შემთხვევით არ მოვხვედრილვარ იქ. წლები ვიბრძოდით, რომ ვყოფილიყავით თავისუფლები და რუსეთის იმპერიის ბრჭყალებიდან გამოვსულიყავით. მართლა ის იყო უბედნიერესი დღე და საოცარი განწყობა. ახლა რომ მახსენდება ეს პერიოდი, ყველა ერთმანეთს ვცნობდით, თითქოს, ვეფერებოდით... შენობიდან რომ გამოვედით ზვიადის სიტყვების შემდეგ, გარეთ ცეკვა-თამაში იყო. ეს წლები, რა თქმა უნდა, იმედი გვქონდა და იმიტომ ვიყავით ასე ერთად, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ასე მალე თუ მოხდებოდა არ გვეგონა. საერთო ჯამში კი, ცხადია, ვიცოდით, რომ ეს ბრძოლა შედეგიანი იქნებოდა. საბოლოოდ კი, ეს ერთობის შედეგია და შეიძლება, ორ საუკუნეში ერთხელ ხდებოდეს ასეთი მოვლენა... ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა - ეს ორი ბუმბერაზი გახლდათ ეროვნული გმირი და უფრო ამათ დააჩქარდა ეს პროცესი“, - აღნიშნა მამფორიამ.

ეროვნულ მოძრაობაში არ იყო, მეტიც, გამსახურდიას ოპონენტების რიგებში, კონკრეტულად კი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა ნოდარ ჭითანავა. გვიყვება, რომ ამის მიუხედავად, განწყობა ხალხში ერთნაირი იყო.

„ეს იყო ეროვნული სულისკვეთება, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მოგება და საუკუნის მანძილზე დაკარგული სუვერენიტეტის აღდგენა - აი, ეს იყო პოლიტიკური მიზანი და განწყობა. მე მაშინ ეროვნული ხელისუფლების ოპონენტი ვიყავი, მაგრამ იქ მოხდა მეტად საინტერესო ამბავი: ოპონენტების შეხედულებები ბრძოლის ეროვნულ ჩარჩოში მოექცა იმ იმედით, რომ ყველას ჰქონდა ერთიანი გაგება, რომ საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვებით შეძლებდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და გამტკიცებას. ეს იყო იქ უმთავრესი და ამ სულისკვეთებით მოაწერა ყველამ  ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს“, - გვითხრა ჭითანავამ.

ჩვენს კითხვაზე, როგორ უფრთხილდება ქართული სახელმწიფოს მოპოვებულ თავიუსფლებასა და აღდგენილ დამოუკიდებლობას, ნოდარ ჭითანავამ გვითხრა, რომ სრულიად უპრეცედენტო მოვლენის (დემოკრატიული რეფერენდუმის) მიუხედავად, შანსი ქვეყანამ სრულად ვერ გამოიყენა, თუმცა ფიქრობს, რომ ეს თემა ხანგრძლივი და დიდი მსჯელობის საგანია.  გია მამფორიამ კი გვითხრა, რომ ახლა საშიშროებას გარკვეულწილად გრძნობს და მტრის წინაშე ქართველი ერი ფხიზლად უნდა იყოს, რათა ქვეყანა იმავე რეალობის წინაშე არ აღმოჩნდეს, რისგანაც საბოლოოდ სწორედ 1991 წელს გათავისუფლდა.

ნოდარ ჭითანავასა და გია მამფორიას გარდა, დამოუკიდებლობის აქტს ხელი კიდევ რამდენიმე ზუგდიდელმა მოაწერა, მათ შორის იყვნენ ვალტერ შურღაია,ზაურ ქობალია, გოგი ჩიქავა, თამაზ ჟორჟოლიანი, გურამ აბსანძე, ბონდო ჯიქია.

„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“- ასე მიულოცა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს აღდგენილი დამოუკიდებლობა, რომელიც უზენაესმა საბჭომ 28 წლის წინ 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე მიიღო.

Print