სტატია
ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტის აღმართვამ ზუგდიდელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტისა და შემდეგ ფრესკის აღმართვის შესახებ საზოაგადოებაში განსხვავებული მოსაზრებებია. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილს მოსწონს ეპარქიის იდეა, ნაწილისთვის კი წმინდანის ფრესკის ამ ადგილზე განთავსება მიუღებელია.

ფეისბუქზე ადამიანები საკუთარ მოსაზრებებს საკითხის გარშემო აქტიურად აფიქსირებენ, მაგალითად, ზუგდიდელი მერაბ ოკუჯავა წერს: „არ ვიცი, ამ ადგილს როგორ შეესაბამება ღვთისმშობლის ხატის მოზაიკური ფრესკა, (ჯერჯერობით მაკეტი) ამაზე ალბათ სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილება, მაგრამ მანამდე ეს ეს სარეკლამო ბილბორდი მაინც მოაშორეთ იმ ადგილს, თორემ ძაან უხერხულია!“. მისი პოსტის ქვეშ ჯგუფ „ზუგდიდი Times“-ის წევრების ნაწილი წერს, რომ იდეით ვერ მოიხიბლა, ზოგი კი თვლის, რომ ხელისუფლება ცდილობს საპატრიარქოს ყველა სურვილი შეასრულოს და ხუმრობს, რომ, შესაძლოა, მალე „მარხვის დარღვევისთვის, ადმინისტრაციული სასჯელი შემოიღონ“.

ამავე ჯგუფში მოქალაქეების მოსაზრებებს უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ.

„ეს ინიციატივა მოდის სამღვდელოებიდან და მეც არამაქვს ზუსტი ინფორმაცია რა დროს და სად იქნება განხილვა. რაც შეეხება ეკრანს, რა თქმა უნდა, შეუსაბამო იქნება იმ ადგილისთვის ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში“, - აღნიშნავს ჭეჟია.

ფრესკის მოზაიკის დადგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგება კიდევ ერთი ზუგდიდელი მაია კალანდია.

„ფარისევლები რომ ხართ ცხადია, მაგრამ კარგია ეს ყველაფერი, რამდენიმე ადამიანი ხომ მიხვდება, როგორ ფეხებზე გკიდიათ ყველაფერი.ფრესკის ძეგლი რას ნიშნავს, ვის ტვინში მოიხარშა ეს ანაქრონიზმი?!“, - წერს ის რადიო „ათინათის“ მიერ გავრცელებული მასალის კომენტარებში.

საკრებულოს წევრი ბათლომე შელია კი გამოქვეყნებულ ფოტოს აზიარებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და წერს, რომ „მალე აქ რეკლამების მონიტორინგი და კონცერტების პროგრამის "გაფილტვრა" იქნება აუცილებელი, ასეთი კადრები რომ არ გაგვეპაროს...“ .

ზუგდიდელების ნაწილი ეპარქიის ინიციატივას „ბრწყინვალე იდეას“ უწოდებს. ზოგი კი მიიჩნევს, რომ არათუ ფრესკის აღმართვაა კარგი, არამედ მისი პარამეტრებიც უნდა გაიზარდოს.

„ღმერთმა დაგლოცოთ! შესანიშნავი წამოწყებაა. პარამეტრები თუ გაიზრდება, კარგი იქნება, ძალიან პატარა ჩანს“, - წერს მურთაზ ბელქანია.

სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი კი ხაზს მეუფე გერასიმეს პიროვნებას უსვამს და წერს, რომ მეუფე „კარგი კაცია“.

რადიო „ათინათი“ დაინტერესდა, მიზანშეწონილია, თუ არა ასეთ ადგილას წმინდანის მოზაიკური ფრესკის აღმართვა. საპატრიარქოში ამასთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს ეპარქიაში მეუფე გერასიმე იღებს.

რაც შეეხება მონიტორს, რომელიც ფრესკის გვერდითაა განთავსებული, მერიაში გვითხრეს, რომ ის შპს „ალმაის“ ეკუთვნის, რომელსაც გარერეკლამაზე ნებართვა აუქციონის წესით, 2015 წელს 15 წლის ვადით აქვს მოღებული და მან ყოველწლიურად ბიუჯეტში 40 524 ლარი უნდა შემოიტანოს.

პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განხილვა არ იქნება და ფრესკის აღმართვის ნებართვას მერია კანონის შესაბამისად გასცემს.

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის მაკეტი აღმართეს. ეპარქიის მდივანის მამა დიმიტრი ვეკუას თქმით, ფრესკის საბოლოო ვერსის პარამეტრები შესაძლოა გაიზარდოს, რომლის შემდეგაც შესრულდება ხატი. მამა დიმიტრი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ფრესკა ზუგდიდის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნავ სიმბოლოდ იქცევა. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ მაკეტის განთავსებას, ნებართვა არ სჭირდება, ხოლო ფრესკის დადგმაზე, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეპარქიასთან ერთად, იმსჯელებს.

ფოტო: მერაბ ოკუჯავა

Print