სტატია
ფოტოებით გაცოცხლებული დადიანების ისტორია ჭკადუაშში (ფოტო)
ზუგდიდის სოფელ ჭკადუაშში, დადიანების იმჟამინდელი საზაფხულო რეზიდენციის ეზოში, სადაც ახლა დადიანებისა და ნაპოლეონის შთამომავლები ცხოვრობენ, ისტორიული ფოტოები გამოფინეს. აქ ნახავთ სალომე დადიანის და აშილ მიურატის, მათი შვილების, ეკატერინე ჭავჭავაძის, ბერტა და არტურ ზუტნერების სხვადასხვა დროს გადაღებულ ფოტოებს.

გარდა ფოტოარქივისა, პრინცი ალენ მარი იოაჰიმ ნაპოლეონ მიურატი და პრინცესა ვერონიკა დე შაბო ტრემეკური აქ ბევრ სხვა საინტერესო ნივთს, მათ შორის, ნაპოლეონ მესამის მაგიდას და სკამებს ინახავენ. 

„ეს გამოფენა ეძღვნება ჩვენს ოჯახს. ფოტოები ასახავს რეალურ ისტორიას. პერსონაჟები გადაღებულია სხვადასხვა ასაკში. თქვენ ნახავდით ეკატერინე ჭავჭავაძეს, უკვე ასაკში. თქვენ ასევე იხილავთ იმ ცნობილი ადამიანების ფოტოებს, ვინც ამ ოჯახთან არის კავშირში“, - ამბობს პრინცესა ვერონიკა.

საგვარეულო რეზიდენცია ვერონიკამ და აშილმა 2015 წელს აღადგინეს. პრინცესა ვერონიკას თქმით, მათ ჩამოსვლამდე რეზიდენციის ეზოში ძროხები ბალახობდნენ, სახლი კი დანგრევის პირას იყო. სახლის რემონტი ჯერ არ დაუსრულებიათ, თუმცა რამდენიმე ოთახი სტუმრის მისაღებად მზადაა. დიზაინი მეტწილად ფრანგულ სტილშია გადაწყვეტილი. ოთახი, რომელიც პრინცისა და პრინცესას შვილიშვილებს აქვთ დაკავებული, გამორჩეულია. ვერონიკა ამბობს, რომ კარგ ამინდში ამ ოთახის ფანჯრიდან ზღვის და ოკუპირებული აფხაზეთის ნახვაც შესაძლებელია.

„აქ იყო დიდი სახლი, ჩამოდიოდნენ ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ საფრანგეთის დედოფალი ევგენია, ალფრედ ნობელი, ბერტა კინსკი, არტურ ფონ ზუტნერი და ა.შ. ეს რეზიდენცია ორი დიდგვაროვანი ოჯახის ისტორიას ინახავს “, - თქვა ვერონიკამ.

აქ ძირითადად პრინცესა ვერონიკა და პრინცი ალენი ცხოვრობენ, თუმცა ზაფხულობით მათ შვილები და შვილიშვილები სტუმრობენ. ოჯახში ყველაზე უმცროსი 2 თვის სალომეა. მას სახელი დიდი ბებიის სალომე დადიანის პატივსაცემად დაარქვეს.

ჭკადუაშს დადიანებისა და მიურატების ისტორიის გასაცნობად ხშირად სტუმრობენ. მნახველებს წინაპრების შესახებ ინფორმაციას თავად პრინცესა და პრინცი აცნობენ. ჩვენი იქ ყოფნისას, სხვა ადგილობრივ დამთვალიერებლებთან ერთად, ამერიკის ქალაქ ბოსტონიდან საგანგებოდ ჩამოსული  ტურისტები მოვიდნენ.

„მეგობრისგან გავიგეთ სამეგრელოს შესახებ. ისტორიკოსი ვარ და ძალიან მაინტერესებს ამ კუთხის ისტორია, განსაკუთრებით ბონაპარტესა და დადიანების ოჯახების კავშირები“, - ამბობს ერთ-ერთი სტუმარი.

პრინცმა აშილ მიურატმა და პრინცესა სალომე დადიანმა ჭკადუაშში ევროპული ტიპის, 24 ოთახიანი სახლი XIX საუკუნის 80-იან წლებში ააშენეს. აშილმა აქ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, ხოლო სალომე, შვილებთან ერთად, საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.

Print