სტატია
ზუგდიდში თხილის ფასი 3 ლარზე მეტია
ზუგდიდში ამ დროისთვის 1 კილოგრამი თხილის ფასი 3-დან 3,5 ლარამდე მერყეობს. შარშან ამ დროს, თხილი  2 ლარამდე ღირდა. როგორც რადიო „ათინათს“ მიმღებ პუნქტებში მომუშავეებმა უთხრეს, წლევანდელი მოსავლის ხარისხი გაუმჯობესებულია.

„გასულ წელთან შედარებით ხარისხიანი თხილი მოაქვთ, რა თქმა უნდა, ფაროსანა არის, მაგრამ შეწამვლამ იმოქმედა. არიან ისეთებიც, რომლებსაც წელს თხილის პლანტაციები შესაწამლი პრეპერატებით არ დაუმუშავებიათ, რა თქმა უნდა, მათი მოსავალი შედარებით ცუდია, ათიდან ალბათ 4-5 კარგი გამოდის. 20 წელია თხილს ვიბარებ, ადრე არ მოწმდებოდა და არავინ არ იცოდა, რა მდგომარეობა იყო“, - ამბობენ თხილის მიმღებ პუნქტებში.

ფერმერთა ნაწილი, რომელმაც პლანტაციებში აგროღონისძიებები გაატარა, წლევანდელი მოსავლის ხარისხით კმაყოფილია. თუმცა როგორც  ამბობენ, ის რაოდენობრივად შარშანდელთან შედარებით ნაკლებია.

„ვცდილობდი, რომ ყოველ მეთხუთმეტე დღეს შემეწამლა, მაგრამ ზოგჯერ ამინდები გვიშლიდა ხელს. მიუხედავად ამისა, გასულ წელთან შედარებით კარგი მოსავალი მაქვს. ვერც ფაროსანას ვერ ვხედავ ნაკვეთში“, - ამბობს რიყის მკვიდრი. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ამ კუთხით წელს უკეთესი სიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთშიც და თხილის ფასი ოთხ ლარს აღწევს.

მეწარმეები თხილის ნაყოფის უხარისხობის ძირითად მიზეზად აზიურ ფაროსანას, გარდა ამისა გავრცელებულ დაავადებებსა და აგროპრეპარატებსაც ასახელებდნენ.

ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით 89 550 ჰა ფართობი, ხოლო ცივი შესხურების მეთოდით 22 218.15 ჰა ფართობი დაამუშავეს. მათ შორის სიმინდის მასივებიც. ამავე ცნობით, სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულია 36 800 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური,  3 074  მონიტორინგის ფერომონი. საკოორდინაციო ცენტრში ამბობენ, რომ ამ დოისთვის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც მოიცავს ცივი შესხურების მეთოდით სიმინდის მასივების, ხოლო თერმული ნისლის ტექნოლოგიით, საკარმიდამო ფართობების დამუშავებას. შეწამვლითი ღონისძიებები, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება.

ამავე თემაზე: 
თხილის შეწამვლის შედეგებით კმაყოფილი და უკმაყოფილო მოსახლეობა


Print