რეგიონი
ზუგდიდში 100%-იანი გრანტი 30-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო
მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლების 30-ზე მეტმა მოსწავლემ მოიპოვა. ყველაზე მეტი აბიტურიენტი, რომელმაც გრანტი მიიღო, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.

აბიტურიენტების რაოდენობა საჯარო სკოლებში შემდეგია:

პირველი საჯარო სკოლა - 5 მოსწავლე;
მე -2 საჯარო სკოლა - 11;
მე -3 საჯარო სკოლა - 3;
მე -5 საჯარო სკოლა - 2 ;
მე -8 საჯარო სკოლა - 1;
მე -9 საჯარო სკოლა - 1;
მე -10 საჯარო სკოლა - 2;
მე -11 საჯარო სკოლა - 1;
ახალკახათის საჯარო სკოლა - 1;
ჭაქვინჯის საჯარო სკოლა - 1;
კახათის პირველი საჯარო სკოლა - 2.

აღნიშნული მონაცემები რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებმა მიაწოდეს. მათი განმარტებით, ციფრები შესაძლოა ზუსტი არ იყოს, რადგან ნაწილმა, ყველა მოსწავლესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

რაც შეეხება კერძო სკოლებს: შპს ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზიაში (ჯი ჯი) სრული დაფინანსება სამმა, ხოლო წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში ორმა მოსწავლემ მიიღო.

მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლის ანა ცირდავას თქმით, რომელმაც 100%-იან გრანტი მოიპოვა, წლევანდელი გამოცდები რთული იყო და შედეგი მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„მოულოდნელი და სასიხარულო იყო. ჩავირიცხე იმ უნივერსიტეტში და იმ ფაკულტეტზე რომელიც მინდოდა. ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციოლოგიის ფაკულტეტი. გააზრებული მქონდა და ვიცოდი, რომ სოციოლოგიაზე უნდა ჩამებარებინა. იმიტომ რომ, კვლევები და საზოგადოებასთან ურთიერთობა მომწონს. 100%-იანი გრანტი ძალიან დიდი სიხარული და პასუხისმგებლობაა. როდესაც სახელმწიფო მთლიანად მიფინანსებს სწავლის საფასურს, მეც მეტი მომეთხოვება“, - თქვა მან.

100%-იანი გრანტი მიიღო წმინდა გიორგი გიმნაზიის მოსწავლე საბა გუჩუამაც. მისთვის ეროვნული გამოცდები საშუალო სირთულის აღმოჩნდა. სრული დაფინანსება მისთვისაც მოულოდნელი იყო.

„ველოდებოდი 70%-ს, მაგრამ 100%-ს არა. არც მინერვიულია გამოცდებზე. ჩემი ნაწერითაც კმაყოფილი ვიყავი. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, როცა არ ელოდები სრულ გრანტს“, - ამბობს გუჩუა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნინო გვალიამ. მან სრული დაფინანსება მოიპოვა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამის ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

„წელსვე გავხდი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული კონკურსის „ლავუაზიეს წრე“ ფინალისტი. გარდა ამისა, მოვიპოვე შავი ზღვის უნივერსიტეტის თანადაფინანსება, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია/ბიოქიმიაზე შევაჩერე, რადგანაც დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ STEM არის ის, რაც შეიძლება გახდეს შენი და შენი ქვეყნის მუდმივი განვითარების გარანტი. მე კი მაქსიმალურად ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარებაში“, - აღნიშნა გვალიამ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ 2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება  28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების, დაახლოებით, 71%-მა ჩააბარა. აქედან სახელმწიფო გრანტი 6 546-მა სტუდენტმა მიიღო.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.  







Print