სტატია
კანონპროექტით მერის წარმომდგენლები საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან
საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს „საჯარო სამსახურის შესახებ” და თანმდევ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც მერის წარმომადგენლებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის გაუქმებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, გამგებლები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან, რითაც მათი შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება. აქვე ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღება მერის წარმომადგენლებთან შრომითი ურთიერთობის მოწესრიგების და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული რეგულაციის შემოღების აუცილებლობითაა განპირობებული.

კანონპროექტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონს მუხლი ემატება, რომლითაც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული კანონის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისათვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

კანონპროექტს კრიტიკულად უყურებენ სამოქალაქო სექტორში და მიიჩნევენ, რომ მერის წარმომადგენლებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის ჩამორთმევა, შესაძლოა, საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რომ კანონპროექტის მიღება სოფლის რწმუნებულების სრულად პოლიტიზების და წინასაარჩევნოდ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოყენების რისკებს ზრდის.

ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ ცვლილებებით წარმომადგენლები მთლიანად დამოკიდებულები იქნებიან მერზე, რადგან ადმინსიტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულებს სწორედ მერი ნიშნავს და მისი გათავისუფლება ნებისმიერ დროს შეუძლია.

„გაუგებარია, მუდმივი და დამოუკიდებელი ფუნქციების მქონე პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის მერის ერთგვარ ასისტენტად გადაქცევა, რაც განსაკუთრებით პრობლემური შეიძლება გახდეს, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში ამ თანამდებობის პირების რაოდენობასა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 53 ასეთი თანამდებობის პირია, რასაც ემატება მათი 35 ასისტენტი) და წინასაარჩევნო აგიტაციაში მათი ჩართვის არსებულ მანკიერ პრაქტიკას. აღსანიშნავია, რომ მერის წარმომადგენლებს, თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვთ სოფლის მოსახლეობაში არსებული სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური განწყობების შესახებ, ხოლო სოფლის მოსახლეობისთვის ხშირად სახელმწიფოს ერთადერთი წარმომადგენელები არიან, რომელთანაც ადგილობრივი პრობლემების შესახებ კომუნიკაციის შესაძლებლობა აქვს. ამ გარემოებების ფონზე თანამდებობის მზარდი პოლიტიზაციაქმნის მაღალ ალბათობას, რომ ის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მიზნებისთვის კიდევ უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული და საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად დააზიანებს. გარდა ამისა, ცვლილება არ შეესაბამება დეცენტრალიზაციისა და მუნიციპალიტეტებში პროფესიული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების პოლიტიკას“, - განმარტავენ TI-ში.

შესაძლო რისკებზე საუბრობენ საია-შიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შეფასებისას ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი.

„საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების მიხედვით, მმართველი პარტია მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს წინასაარჩევნოდ აქტიურად იყენებს. მერის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის ჩამორთმევა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანა მათი უფლების დაცვის სტანდარტს მნიშვნელოვნად აუარესებს, რაც მუნიციპალიტეტების მერის მიერ მათი წინაასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვის მიზნით შეიძლება იყოს გამოყენებული. იმის გათვალისწინებით, რომ მერი პოლიტიკური თანამდებობის პირია და სააგიტაციო პროცესში შეუზღუდავად მონაწილეობს, ხოლო მერის წარმომადგენლები უშუალოდ მას ექვემდებარებიან, მათ მიმართ განსაკუთრებით მაღალია წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვის რისკი. ხოლო, მერის წარმომადგენლების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში რაიმე ფორმით მონაწილეობაზე უარის თქმისას, მათი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების რისკები იზრდება”, - აღნიშნავენ საია-ში.

არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რომ მერის წარმომადგენლობების აღნიშნული რისკების თავიდან ასაცილებლად საჯარო მოხელის სტატუსი არ ჩამოერთვათ.

რადიო „ათინათი“ კანონპროექტის ავტორებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა გურამ მაჭარაშვილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. რაც შეეხება ხობის მაჟორიტარს ირაკლი ბერაიას, მან გვითხრა, რომ კომიტეტის სხდომაზეა და ჩვენთვის ვერ იცლის. ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ შესვეენბაზე დავუკავშირდებოდით, საპასუხოდ კი ბერაიამ ბოდიში მოგვიხადა და დაგვემშვიდობა.



Print