სტატია
ზუგდიდის სოფლების გამგებლების აზრი მათთვის საჯარო მოხელის სტატუსის შესაძლო გაუქმებაზე
კანონპროექტმა, რომელსაც პარლამენტი უკვე განიხილავს და მისი დამტკიცების შემთხვევაში სოფლებში მერის წარმომადგენლებს საჯარო მოხელის სტატუსის გაუუქმდებათ, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რადიო „ათინათი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად გამგებლები და რა პოზიცია აქვთ მათ. მერის წარმომადგენლების უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ” და თანმდევ კანონში  ცვლილება მათზე არ იმოქმედებს.

ყულიშკარის რწმუნებული ამბობს, რომ მას ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს. ლადო შველიძის თქმით, ის კანონის საწინააღმდეგოდ ვერ იმოქმედებს.

„ჩვენ არ ვიღებთ ამ კანონპროექტს და მას წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ. რამდენად სამართლიანია, ამის გადაწყვეტის უფლებაც არ მაქვს. რატომ უნდა შემიშალოს ხელი სტატუსის გაუქმებამ? რაც შეეხება არჩევნების დროს აგიტაციას, ყველა გამგებელი მონაწილეობს და მე რატომ არ უნდა დავეხმარო. სამართლიანი პიროვნება ვარ და სამართალს ემსახურება ეს სახელმწიფო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გამგებელმა.

პრობლემას ვერ ხედავს ინიცირებულ კანონპროექტში ტყაიას გამგებელი ედემ კეკუტიაც. მისი თქმით, ამის შესახებ სწორედ ჩვენგან შეიტყო და ინფორმაციას არ ფლობს.

„ქოთანს ყურს ყველა ისე გამოაბამს, როგორც აწყობს. მერმა თუ მოინდომა, რა, ახლა არ შეუძლია რამე საბაბის მოძებნა და ვინმეს გაშვება სამსახურიდან ? ადრეც იყო მსგავსი მოცემულობა, მაგრამ არავის გავუთავისუფლებივართ. საარჩევნოდ კი, თავისუფალ დროს, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ“, - დასძინა კეკუტიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის გამგებელი ბადრი დარასელია მიიჩნევს, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი სოფლის რწმუნებულებისთვის საჯარო მოხელის გაუქმების შესახებ დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. დარასელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მმართველი გუნდი ამ ნაბიჯით ცდილობს, სოფლების გამგებლებისგან საარჩევნოდ მათ მხარდასაჭერად მუშაობის გარანტიები მიიღოს.

„უკან გადადგმული ნაბიჯია. ეს არის დისკრიმინაცია საჯარო მოხელეების, რადგან მათ თავისუფალი არჩევანის უფლება არ ჰქონდეთ. რწმუნებულები მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობენ, მაგრამ მაინც უნდობლობაა და რომ ჰქონდეთ გარანტირებული მხარდაჭერა, ამიტომ სურთ ამ პროექტის მიღება. მე სულ ოპოზიციურად ვიყავი განწყობილი და ახლაც ასეა, არასოდეს დავხმარებივარ მმართველ გუნდს საარჩევნოდ. როცა კანონპროექტის შესახებ გავიგე და საია-ს შეფასება წავიკითხე, აბსოლუტურად დავეთანხმე მათ. მქონდა კომუნიკაცია სხვა გამგებლებთანაც, თუმცა, არავინ გამომეხმაურა“, - გვითხრა დარასელიამ.

საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს „საჯარო სამსახურის შესახებ” და თანმდევ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც მერის წარმომადგენლებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტს კრიტიკულად უყურებენ სამოქალაქო სექტორში და მიიჩნევენ, რომ მერის წარმომადგენლებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის ჩამორთმევა, შესაძლოა, საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდეს.
Print