სტატია
ზუგდიდში რესტორნებისა და დარბაზების ნაწილი დროებით იხურება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდში რესტორნებისა და დარბაზების ნაწილი უკვე დაიხურა, ნაწილი კი განსხვავებულ მომსახურებაზე გადადის.
რესტორან „დიარონში“ ამბობენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სადღესასწაულო სუფრები არ გაიშლება და ასევე შეწყვიტეს ჯგუფების მიღება.

„თითო-ოროლა მომხმარებელს ვემსახურებით, თუმცა შესაძლებელია, ესეც მალე შევწყვიტოთ და საერთოდ დავხუროთ. გატანის სერვისზე ვართ გადასულები“, - თქვა „დიარონის“ მფლობელმა მამუკა ნაყოფიამ.

ადგილზე მომსახურება სრულად შეწყვიტა „შუა ქალაქმა“ და ამჟამად მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისზე მუშაობს. როგორც რესტორანში ამბობენ, მომხმარებლების რაოდენობა არ შეცვლილა და ქელეხების სუფრას ჩვეულ რეჟიმში უკვეთავდნენ.

„მომხმარებლები იყვნენ და შეკვეთებიც გვქონდა, თუმცა ყველაფერი გავაუქმეთ. ვგრძნობთ რა მაღალ სოციალური პასუხიმგებლობას, გადავედით მიტანის სერვისზე და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ვითარება არ შეიცვლება“, - გვითხრეს „შუა ქალაქში“.

„თავადურის“ მფლობელი იური ჯანაშია ამბობს, რომ მიუხედავად შეკვეთების სიმრავლისა, ამ ეტაპზე რესტორნის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ხვალ გვაქვს ბოლო შეკვეთა, ამას მოვისტუმრებთ და დავხურავთ რესტორანს. ქელეხის სუფრაა და უხერხულია, თორემ ამის გაკეთებაც არ გვინდოდა. მოდიან, გვთხოვენ სუფრების გაშლას, მაგრამ ვუხსნი, რომ ეს არ შეიძლება და გვიჯერებენ... ვხურავთ ჩვენი ინიციატივით, თორემ არავის არ უთხოვია და არც შესაბამისი ბრძანება მოსულა“, - თქვა იური ჯანაშიამ.

რესტორანი „ბაგრატიონი“ ჯერჯერობით მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, თუმცა ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ, თუ ვითარება შეიცვალა, მზად არიან ობიექტი დახურონ.

„შეკვეთები აღებული მაქვს, მაგრამ ყველა გავაფრთხილე, რომ თუ სუფრების აკრძალვაზე ბრძანება მოვა, შეკვეთებს ვერ შევასრულებთ და რესტორანს დავხურავთ“,- აღნიშნა ჩვენთან საუბარში „ბაგრატიონის“ დირექტორმა გოგი გაბეჩავამ.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კაფე-ბარებსა და რესტორნებს ეძლევათ რეკომენდაცია, შეზღუდონ ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, კაფე-ბარების მფლობელებს ექნებათ საშუალება ოპერირება გააგრძელონ და მოსახლეობას ე.წ. გატანის სერვისი შესთავაზონ.
Print