ჩხორიაში, ეთნოსოფელ "სისატურაში" საახალწლო და საშობაო სამზადისი დეკემბრის მეორე ნახევრიდან იწყება. მთავარი სადღესასწაულო ტრადიცია და რიტუალი კი "კუჩხას", იმავე "ბედობას" უკავშირდება.
მასპინძლები მარიკა თოდუა და ერმინე ჭითანავა გვიყვებიან, რომ მათ ოჯახში, რომელშიც სხვადასხვა თაობის წევრები ცხოვრობენ, "კუჩხა" მნიშვნელოვანი და საყვარელი დღესასწაულია. მიუხედავად იმისა, რომ "კუჩხას" მეგრელები ძველით ახალი წლის მეორე დღეს აღნიშნავენ, ბოლო დროს ახალი სტილითაც აღინიშნება.
"დღევანდელ დღეს კი ის არის სხვაობა, რომ ძველი სტილითაც აღვნიშნავთ "კუჩხას". რწმენები ამ დღეს გვაქვს გაასმაგებული, მაგრამ ასევე ახალი სტილით ახალ წელს და "კუჩხასაც" აღვნიშნავთ", - გვეუბნება მარიკა.
ახალ წელს ტრადიციულად მრავალფეროვანი სუფრით და საზეიმო განწყობით ხვდებიან. მოგვიანებით კი მათ საახალწლო ტრადიციის ცენტრალური ფიგურა - მეკვლე უერთდება, რომელიც საგანგებოდ ჰყავთ შერჩეული.
ჰე მენძელ! (მასპინძელო)
ნამუ რექ? (რომელი ხარ)
მაკუჩხურ ვორექ! მაკუჩხურ! (მეკვლე ვარ! მეკვლე!)
მუ მოიღუ? (რა მოგაქვს?)
წმინდა ბასილეშ ხვამა, ჟგირობუა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, ბრელ ფარა დო ბარაქა. ( წმინდა ბასილის ლოცვა , კარგად ყოფნა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, ბევრი ფული და ბარაქა)
დიასახლისი გვეუბნება, ხშირად "მაკუჩხური", იგივე მეკვლე, ოჯახის უფროსი გურიელ ჭითანავაა. ხონჩაზე ტრადიციურად მწვანე მცენარე, ხილი, ტკბილეულობა, ღერღილი და კვერცხი დევს - ახალი სიცოცხლის, ბარაქის, განახლების სიმბოლოდ. ასე ჭითანავებს სხვა მეგრული ოჯახების მსგავსად სჯერათ, რომ ეს ატრიბუტიკა მეკვლეს კეთილ გულთან ერთად მათ ნაყოფიერ და ბედნიერ წელს მოუტანს.
"სისატურაში ჩვენი ტრადიცია არასოდეს არ ირღვევა, ეს არის შობა დღე, ახალი წელი და კუჩხა, როდესაც ჩვენ ტრადიციებს არ ვცვლით , შეიძლება პერსონაჟები შეიცვალონ, მაკუჩხურები მაგრამ ეს არ იცვლება. სუფრა იშლება და ოჯახის წევრები ვცდილობთ, რომ ვიყოთ. ძალიან იშვიათად არის, რომ სადღაც გავიდეთ, მაგრამ ვცდილობთ რომ კუჩხასა და ახალ წელს ვიყოთ სახლში, რათა დავიბედოთ სახლში, თბილად, გემრიელად ყოფნა და ერთმანეთის სიყვარულში ვიყოთ", - გვითხრა დიაასახლისმა.
მარიკამ წელს სახლი საახალწლოდ ისე მორთო, როგორც ღრმა ბავშობიდან ახსოვს. ძველი საახალწლო სათამაშოები და დეკორაციები მოიძია და ოდაში, სადაც უძველესი სახლის ნივთები და წინაპრების დანატოვარი ავეჯია, ოთახის ყველა კუთხე განსაკუთრებულად გამოაწყო.
"ყველანაირად ვეცადე, რომ სახლი ყოფილიყო მორთული ისე, როგორც ჩემს ღრმა ბავშობაში მახოვს და ისე, როგორც იყო აღწერილი. ძველებური ნაძვის ხე აუცილებლად, მოსართავებიც ძველებური არის, ჩიჩილაკი ანუ ჩვენებურად ქუჩუჩი. ჩემთვის ახალი წელი, კუჩხა არ არის ჩიჩილაკის გარეშე და ესეც აუცილებლად უნდა იყოს სიტკბოებით და სიმწვანით მორთული. ყველა კუთხეში, საითაც გავიხედავთ, უწყვეტად უნდა იყოს ახალი წლის განწყობა, ამიტომ ყველა კუთხე ჩვენთან არის მორთული".
მარიკა გვეუბნება, რომ მეგრულ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს საცივი, გოჭი, ხაჭაპური, ხარჩო და ხორცეული ბლომად.
"სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად არის ის კერძები, რაც დღესასწაულთან ასოცირდება, ეს არის ხაჭაპური, ეს არის საცივი, აუცილებლად გვაქვს ხარჩო, გოჭის ხორცი , ხორცეული არის ბლომად ფელამუში როგორც ტკბილეული და ვცდილობთ რომ ამ დღეს გაიხსნას ქვევრი და ამ დღეს დავაგემოვნოთ პირველად ღვინო ამ წლის მოსავალი", - გვიყვება საახალწლო სამზადისში გართული დიასახლისი.
ჭითანავების ოჯახში ახალ წელს მერგული და აფხაზური ჰანგების თანხლებით ხვდებიან. აქედან სამ კილომეტრში ამ დრომდე ოკუპირებული აფხაზეთია, რომლის ტრადიციები მეგრულ საახალწლო რიტუალებს ძალიან ჰგავს. სწორედ აქედან უსურვებენ მთელ ქვეყანას ჩვენი მასპინძლები "კუჩხი ბედინერს" უკეთესი მომავალი წლის იმედით.
მასალის გამოყენების პირობები