სტატია
„ენმ“-ს ზუგდიდელი წევრების ნაწილი ამტკიცებს, რომ პარტიული შეკრების შესახებ არ დააუწყეს
ზუგდიდში საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მაია კალანდია ამტკიცებს, რომ საკრებულოს წევრების შეკრებაზე არ დაპატიჟეს.
კალანდია ამბობს, რომ შეხვედრის შესახებ მედიის საშუალებით გაიგო.

კალანდია დასძენს, რომ ფაქტი ახალი ხელმძღვანელობის მიმართ მის კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირდება.

„არ ვიყავით დაპატიჟებულები, ტელევიზიით გავიგე შეხვედრის შესახებ. ხაბეიშვილმა და ვაშაძემ თქვეს, რომ კარი ღიაა ჩემთვის, რომ მივიდე, მაგრამ ასეთი კარის ღიაობა, არ ვიცი რას ნიშნავს. შემიძლია ვთქვა, რომ გაცილებით მეტს გავაკეთებ ამ ქვეყნისთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ და ყველა პარტიისთვის, რომელიც ჩემს ქვეყანას ემსახურება. მოუხმონ ჭკუას და ელაპარაკონ ამომრჩევლებს რეალურად. დავუსვამდი კრიტიკულ შეხვედრას, მათ შორის იმაზე, რომ, თურმე 30 ლარის მოუმატებენ პენსიას. მე ნიკა მელიას მხარდამჭერი კი არ ვიყავი, აქ კონკრეტული სახელები არაფერ შუაშია, იმ უმსგავსობის მოწინააღდეგე ვიყავი და ვარ, რომელსაც აგრძელებს ლევან ხაბეიშვილი და დაემატა გიორგი ვაშაძე“, - თქვა კალანდიამ.

მის მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ენმ-დან თემურ ბასიალაიაც ამბობს, რომ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. მისივე მტკიცებით, პირადად მას არავინ დაკავშირებია.
„ტელევიზიით ვნახე, რომ რამდენიმე ადამიანი ჩასულა. მე პერსონალურად არავინ დამკავშირებია“, - განმარტა ბასილაიამ.

დეპუტატები ამბობენ, რომ შეხვედრის შესახებ არ დააუწყეს საკრებულოს სხვა წევრებიც ოპოზიციური პარტიიდან.

პარტიულ შეკრებაზე თბილისში ენმ-ს რამდენიმე ზუგდიდელი წევრი ჩავიდა. მათ შორისაა დაკო არქანია. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ შეკრების შესახებ ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი სორდიამ დააუწყა.
„მე როგორც ვიცი, სხვებსაც ჰქონდათ ინფორმაცია. მე პირადად ირაკლი სორდიამ გადმომცა ინფორმაცია და დავესწარი კიდეც შეხვედრას. ვიცი, რომ აღმასრულებელმა მდივანმა დააუწყა ყველა“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

თავად ირაკლი სორდიამ, რომელიც საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მაია კალანდიას მოადგილეა, გვითხრა, რომ ფრაქცია დაუწყებული იყო.

"კონკრეტულად მაია კალანდია და თემურ ბასილაიამ გითხრეს, ირაკლი სორდიამ არ დამაუწყაო? მთლიანად ფრაქცია იყო დაუწყებული, კონკრეტულად მაია კალანდია არა", - გვითხრა ზუგდიდელმა დეპუტატმა, თუმცა ჩვენს კითხვაზე, რა ფორმით დააუწყა ფრაქცია მაშინ, როცა თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ არაფერი იცოდა, გვიპასუხა, რომ გზაშია და ზუგდიდში ჩამოსვლის შემდეგ გაგვესაუბრება.

“ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორგანიზებით საკრებულოების წევრებთან შეხვედრა დღეს სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართა.


Print