სტატია
სამეგრელოში ფერმერები დაფნის პლანტაციებში მატლების გავრცელების შესახებ ჩივიან
სამეგრელოს რამდენიმე სოფელში ფერმერები დაფნის ფოთლებზე გავრცელებული მატლის შესახებ ჩივიან. ერთ-ერთი მათგანი ხობის მუნიცნიპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მცხოვრები გიორგი ნადარაიაა.

რადიო „ათინათს“ მან უთხრა, რომ რამდენიმე დღის წინ დაფნის ერთ-ერთმა მიმწოდებელმა სოფელი ხამისკურიდან გაუგზავნა დაფნის ფოთლების დაზიანების ამსახველი ვიდეო, რომელშიც ფოთლებზე გავრცელებული მატლი ჩანს.

რესპონდენტი გვიყვება, რომ საქმე, სავარაუდოდ, ეხება ე.წ ტაილანდურ მატლ-ხვევიას, ის განეკუთვნება აღმოსავლეთ აზიის ეგზოტიკურ მატლებს და ეს გავრცელების პირველ შემთხვევას არ წარმოადგენს.

ფერმერებმა დაფნის მწარმოებელთა ასოციაციასა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართეს.

„რომ მოვიდნენ, მატლი, სავარაუდოდ, პეპლად იყო ქცეული. ახლა უკვე კვერცხს დებს ,ალბათ და დამალულია. შემდეგ გვითხრეს აგრონომებმა, რომ ამ დღეებში უკვე უნდა გამოჩნდეს ახალი მატლები და გაგვაფრთხილეს, რომ დავაკვირდეთ ყოველდღიურად. ანალოგიური სახეობა ადრე, ასე, 30 წლის წინ სოხუმში არის დაფიქსირებული“, - აღნიშნა ნადარაიამ.

მისივე თქმით, სპეციალისტებისგან ვერ მიიღო კონკრეტული ინფორმაცია, რამდენად პანდემიურია აღნიშნული სახეობის მატლი, რადგან ბოლომდე არ არის შესწავლილი მისი გავრცელების სპეციფიური დეტალები და უმჯობესი იქნება, რომ ტაილანდიდან მიიღონ რეკომენდაციები.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სათანადო ზომების მიღება არ არის დაგვიანებული, რადგან, ჯერჯერობით, მატლის გავრცელების არეალი ფართო არ არის, თუმცა, შიშობს, რომ, შესაძლებელია, შემდეგ მისი ციტრუსებზე გავრცელებაც. ამიტომაც, როგორც ფერმერები ამბობენ, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროულად მოახდინოს რეაგირება.

საქართველოს დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი დავით კუტალია რადიო „ათინათთან“ საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის მატლის გავრცელების პირველი შემთხვევა და უკვე საქმის კურსშია სურსათის ეროვნული სააგენტო, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერიები.

„აღნიშნული მატლები იყო აქამდეც, თუმცა, ცოტა რაოდენობთ, ჩვენ ფიზიკურად არ გვინახავს მატლი. ვნახეთ დაზიანებული ფოთლები და ვივარაუდეთ, რომ მატლი შეესია. მატლი ვიზუალურად თეთრი ფერისაა. საყურადღებოა პეპელა, რადგან ის არ დებს ერთ ან ორ კვერცხს, არამედ დადებს მინიმუმ ათ კვერცს და ეს იქნება ათი მატლი. ჩვენ ვებ-გვერდიდან გავაფრთხილეთ ჩვენი მწარმოებლები და ასოციაციის წევრები და ვთხოვეთ, თავიანთი მეგობრებისთვის გაეზიარებინათ ინფორმაცია და ყველა საკარმიდამო მონაკვეთზე იყვნენ ყურადღებით, საჭიროების შემთხვევაში კი დაგვიკავშირდნენ“, - ამბობს კუტალია.

რადიო „ათინათი“ ასევე დაუკავშირდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსს, ნიკა მესხს. ის ჩვენთან განმარტავს, რომ სეს-ს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ასოციაციასთან და წევრ ფერმერებთან, სააგენტო კი ახორციელებს მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით, რათა მავნებელი არ გავრცელდეს ან მისი შემოსვლის შემთხვევაში დროულად გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. ამასთან, სეს-ის სპეციალისტებმა მატლებოს გავრცელების არეალში მონიტორინგიც განახორციელეს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე არ გვაქვს საშიშ მავნებელთან და რომ გავედით მონიტორინგზე, მატლები არ დაფიქსირდა, თუმცა იყო დაზიანებული ფოთლები და ჩვენი ფიტოსანიტარები მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან მცენარეებს, რომ დროულად იყოს შესაბამისი ღონისძიებები მიღებული. ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს. თვითონ ეს სახეობა არ წარმოადგენს დაფნისთვის საფრთხეს და დაფნის მწარმოებელ ფერმერებს არანაირ საფრთხეს არ უქმნის ექსპორტისთვის. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ და ვაკვირდებით ტერიტორიასა და მავნებლის გავრელების დინამიკას“, - ამბობს მესხი.

დაფნის მწარმოებელთა ასოციაცია კი ამ ეტაპზე ფერმერებს დაფნის შეწამლვის რეკომენაციას აძლევს. მატლთან ბრძოლის უმთავრეს და ყველააზე ეფექტურ მეთოდად ასოციაციის ხელმძღვანელი დავით კუტალია სწორედ  ტრადიციული ქიმიკატების შესხურებასა და შეწამლვას ასახელებს.

Print